ფეხბურთი

16:15 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟვანია სამუშაოდ მზადაა

 

“დინამო” გაახალგაზრდავებს გეგმავს


 

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ “დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე ჩეხი სპეციალისტის დუშან უჰრინის წასვლა დაადასტურა და მასმედიას მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟვანია წარუდგინა.

რომან ფიფია: “დუშან უჰრინი “დინამოში” მოღვაწეობას ამთავრებს და სამშობლოში მიემგზავრება. კონტრაქტის მიხედვით ჩვენ შეგვეძლო, რომ ის სამუშაოდ კიდევ ნახევარი წელი დაგვეტოვებინა. თუმცა, გავითვალისწინეთ, რომ სამშობლოში ბრუნდება და წარმატებულ გუნდს უნდა უთავკაცოს. მადლობა დუშანს იმისთვის, რაც “დინამოსთვის” გააკეთა. სამშობლოში წარმატება ვუსურვოთ”.

დუშან უჰრინი: “მადლობა “დინამოს” ყველაფრისთვის, რაც მომცა და მსურს დიდი წარმატება ვუსურვო – ამ სეზონში ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოპოვება. ამ გუნდს ევროპაში ყველა კარგად იცნობს. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მწვრთნელს, რომლისთვის ასეთ გუნდში მუშაობა მარტივი არ იქნება. დიდ მადლობას ვუხდი რომან ფიფიას. მის გარეშე “დინამო” ჩემპიონი ვერ გახდებოდა. გუნდში ყველაფერი არა 100 პროცენტით, არამედ, უფრო გადაჭარბებით კეთდებოდა”. 

რომან ფიფია: “მინდა წარმოგიდგინოთ “დინამოს” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მალხაზ ჟვანია. ამ ადამიანზე ძალიან დიდ იმედს ვამყარებ. მას თავისი ხელწერა აქვს, რაც აქამდე არაერთხელ დაუმტკიცებია. მალხაზის გარეშე “მერანი” თამაშებს ვერ იგებს. ჩვენმა მეორე გუნდმა კი, მისი ხელმძღვანელობით წარმატებას მიაღწია. მინდა მალხაზს წარმატება ვუსურვო და იმედია, ის იქნება ადამიანი, რომელიც “დინამოში” მუშაობას გააგრძელებს”.

მალხაზ ჟვანია: “დიდი მადლობა ჩემდამი ნდობისთვის. დიდი ენთუზიაზმით მზად ვარ მანამდე, სანამ “დინამოს” ჩემი დახმარება დაჭირდება ყველაფერი გავაკეთო. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს”.

-ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რა გეგმები გაქვთ? ხომ არაა მოსალოდნელი ახალი ფეხბურთელების დამატება?

ჟვანია: “დღევანდელი გადმოსახედიდან მთავარია კონცენტრირებული დარჩენილ თამაშებზე ვიყოთ”.

ფიფია: “დადგება პერიოდი, როდესაც ჩვენი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი საერთო საკითხებზე იმსჯელებენ. გადავწყვიტეთ, რომ გუნდი გავახაალგაზრდავოთ. ის მიდგომა, რომ ძალიან მაღალბიუჯეტიანი კლუბი გვყავდეს, როდესაც ამ ბაზარზე მხოლოდ ჩვენ ვართ, არ ამართლებს. აზრი არ აქვს ეს უაზრობა გავაგრძელოთ. მაქსიმალურად უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს და მინიმალურად ლეგიონერებს. ახალგაზრდებმა უნდა დაამტკიცონ, რომ “დინამოში” ყოფნა და მუშაობა შეუძლიათ. ჩვენი აკადემიის ბავშვებს მეტი შანსი ექნებათ, რომ “დინამოში” ითამაშონ”.

-ეს ნაბიჯი შედეგზე ხომ არ აისახება?

ფიფია: “შესაძლოა, შედეგზეც აისახოს. თუ ახალგაზრდამ წაგება ვერ ისწავლა, მოგების გემოს ვერ გაიგებს. აზრი არ აქვს, რომ მხოლოდ საქართველოში გავხდეთ ჩემპიონაები და ევროპაში ვერაფერი გავაკეთოთ”.

-ასეთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის პერსპექტივა სამომავლოდ ხომ არ გადაიწევს?

ფიფია: “დინამოსთვის” იმდენი გავაკეთე, რაც შესაძლოა ბევრს არ გაუკეთებია. ალბათ, ლოგიკურია, რომ ის ვინც ხარჯავს, უფრო გვიან ხვდება. შეუძლებელია, რომ ერთ გუნდს ჰქონდეს მილიონი დოლარი და მეორეს სიტყვაზე 6 დოლარი. საქართველოში 4 გუნდი მაინც რომ იყოს მაღალი დონის, ხარჯვას კიდევ აქვს გამართლება. ესაა პრობლემა. ბავშვებს საშუალებას მივცემთ, რომ კარგი შეკრებები გაიარონ. შესაძლოა, ჩვენმა პატრიოტმა და ვაჟკაცმა ბიჭებმა, უფრო მეტი მოიგონ, ვიდრე ლეგიონერებმა” .

-ჟვანია დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იქნება? ხომ არ აპირებთ რომელიმე ცნობილ მწვრთნელთან მოლაპარაკების დაწყებას?

ფიფია: “შესაძლოა, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. თუმცა, მალხაზს საშუალება უნდა მივცეთ დაამტკიცოს რა შეუძლია. მას ამისთვის ყველაფერი ექნება”.

-შეკითხვა ორივე მწვრთნელს: ბატონო დუშან გუნდიდან თქვენი თანაშემწებიც მიდიან? ბატონ მალხაზ ვინ დაგეხმარებათ “დინამოში” მუშაობისას?

უჰრინი: “ჩემი სტაფი ჩეხეთში მომყვება”.

ჟვანია: “ჩემთან ერთად, “დინამო 2”-დან პირველ გუნდში გადმოვლენ რამაზ სვანაძე და მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძე. შაბათს ჩამოვა ფიზმომზადების მწვრთნელი ხორვატიიდან”.

-როგორც მწვრთნელს საქართველოში გატარებულმა პერიოდმა რა შეგძინათ?

უჰრინი: “საქართველოში ყოფნამ ბევრი რამ შემძინა. პირველად მოვიგე ჩემპიონობა და თასი. აქამდე, მეორე ან მესამე ადგილებზე გავდიოდი, თასის ფინალშიც დავმარცხდი. აქამდე, მაღალი დონის კლუბებიდან მხოლოდ “კლუჟში” მქონდა ნამუშევარი, დანარჩენი ყველა გუნდი “დინამოზე” დაბალი დონის იყო. “დინამომ” მხოლოდ პლუსები შემძინა, მინუსებს ვერ ვხედავ. აქ გავიცანი ხალხი, რომლებთანაც დავმეგობრდი”.

-განვლილ პერიოდში რა შეცდომები დაუშვით?

უჰრინი: “დადებითზე ვისაუბრე. შესაძლოა, ჩემთვის მინუსი იყო, რომ ფეხბურთელს რამდენიმე დღე გაუცდებოდა. თასზე ერთი თამაში წავაგეთ, რომლისთვისაც დიდი ხანი ვემზადებოდით, მაგრამ ორი მატჩის ჯამში საბოლოო შედეგი დადებითი აღმოჩნდა”.

-7 წელი მარტვილის “მერანში” მუშაობდით? “დინამოში” სამუშაოდ მზად თუ ხართ?

ჟვანია: “ ამდენი ხნის განმავლობაში რაც ვმუშაობ, ყველაფრისთვის მზად ვარ. “დინამოში” სამუშაოდ მზად ვარ”.

-კლუბის სპორტული დირექტორი ვინ იქნება, რომელიც პასუხს ტრანსფერებზე აგებს?

ფიფია: “ირაკლი ვაშაკიძე”.

-“მერანში” მუშაობა სხვაა, ხოლო “დინამოს” მიზანი ერთი აქვს. მზად ხართ ფსიქოლოგიურად ამისთვის?

ჟვანია: “იმ ერთი მიზნისთვის მზად ვარ”. 

-“დინამო 2”-ში ჟვანიას ვინ შეცვლის?

ფიფია: “ამაში მალხაზი პირდაპირ იქნება ჩართული. ის და ირაკლი ვაშაკიძე ამ თემას გადახედავენ”.

-ლეგიონერებიდან ვინ დატოვებს კლუბს? ჩისკო დარჩება?

ფიფია: “ჩისკო სეზონის ბოლომდე დარჩება. მასზე ალერგია არც ჩვენ მეტოქეებს, არც გულშემატკივრებს და არც ჟურნალისტებს აქვთ. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ჩვენთან ყველა საკითხს მთავარი მწვრთნელი წყვეტდა – ვის სად უნდა ეთამაშა, გვაძლევდა თანხმობას მოსწონდა თუ არა ჩვენს მიერ შეთავაზებული ფეხბურთელი. ასე იქნება მალხაზის შემთხვევაში. თვითონ უნდა გადაწყვიტოს. გუნდის გაახალგაზრდავება იმას არ ნიშნავს, რომ “დინამო” ჩემპიონი არ უნდა გახდეს. უბრალოდ, მალხაზს ერთ წელიწადში დიდ მიზნებს არ ვუსახავთ. მებრძოლი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ.

-18-კაციან განაცხადში, უცხოელების გარდა, სეზონის წინ გუნდში მოსული ქართველი ფეხბურთელებიც ვერ ხვდებიან...

ფიფია: “ეს ყველაფერი მალხაზის გადასაწყვეტია. აკადემია მთავარ გუნდთან ერთ ნაბიჯში უნდა იყოს და არა სხვა გალაკტიკაში. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, მაგრამ არა წაგების ხარჯზე. ჩვენი მიზანია საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები ვინც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ არიან მოვიწვიოთ. ლეგიონერებზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ 75-80 პროცენტი ქართველები უნდა გვყავდეს. ჩვენ იქიდან გამომდინარე ვმოქმდებთ თუ რა ვითარებაში ვცხოვრობთ და ვთამაშობთ ფეხბურთს. თორემ, ერთმა ადამიანმა ისიც შემომთავაზა ექვსი გუნდი “აიყვანე” და ერთმანეთში ითამაშეთო”.

-ბატონო დუშან რამდენად კმაყოფილი ხართ “დინამოს” მიერ განხორციელებული ტრანსფერებით?

უჰრინი: “ამ ეტაპზე ყველა ლეგიონერი ვინც “დინამოშია” გუნდს ეხმარება”.

პრესკონფერენციის ბოლოს "დინამოს" ფანკლუბის "გლადიატორების" წევრებმა დუშან უჰრინს გუნდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

ჩიხურა   1 - 2    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

ზუგდიდი   2 - 0    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   0 - 1    ზესტაფონი

შემადგენლობა

მოვლენები

მერანი   1 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

ვიტ ჯორჯია   2 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.266066