სხვა

17:00 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისიმარათონის” სამზადისი და მემორანდუმი

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კომპანია “ჰაიდელბერგცემენტთან” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეებმა ხელშეკრულებას ხელი დღეს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართული პრესკონფერენციის ბოლოს მოაწერეს. იქამდე კი დამსწრეთ ინფორმაცია იმ კონკრეტული პროექტის შესახებ მიაწოდეს, რომლის ორგანიზატორიც “ჰაიდელბერგცემენტია”. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და საქართველოში გერმანიის საელჩომ კი წამოწყებას მხარი დაუჭირეს. ცნობისთვის, “ჰაიდელბერგცემენტმა” ანალოგიური მემორანდუმი გერმანიის საელჩოსთანაც გააფორმა.

“თბილისიმარათონი” – ასე ჰქვია სპორტულ ღონისძიებას, რომელიც 26 ოქტომბერს, თბილისის ზღვაზე გაიმართება. შეჯიბრება ნახევარმარათონად კვალიფიცირდება, რადგან დისტანცია 21,0975 კილომეტრს შეადგენს. მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რომელიც პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.tbilisimarathon.ge რეგისტრაციას გაივლის.

“თბილისიმარათონის” შესახებ “ჰაიდელბერგცემენტის” გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა, საქართველოში გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა და საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ ისაუბრეს.

“26 ოქტომბერს საქართველოში მეორე მასშტაბურ ნახევარმარათონს ჩავატარებთ. პირველის შედეგით გაოცებულები დავრჩით – მასში ხუთასზე მეტი მონაწილე ჩაერთო. ამჯერად კი რაოდენობა მინიმუმ ორჯერ მაინც გაიზრდება. ეს არის დიდი ღონისძიება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. თანხა კვლავ ფონდ “იავნანას” გადაეცემა” – განაცხადა მიხაელ ჰამპელმა.

ლევან ყიფიანმა “ჰაიდელბერგცემენტის” ხელმძღვანელობას საინტერესო წამოწყებისთვის, ქართულ სპორტზე ზრუნვისა და ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. საორგანიზაციო საკითხებში ჩართული სხვა ორგანიზაციებიც არ დაივიწყა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ასეთ მნიშვნელოვან პროექტების ორგანიზატორებს ყოველთვის გვერდით დაუდგება. მინისტრმა იქვე დასძინა, რომ მომავალ ნახევარმარათონში მონაწილეობის მისაღებად სპორტის სამინისტრომ უგვე გუნდიც შეკრიბა და სხვა სამინისტროებსაც მოუწოდა, მათგან მაგალითი აიღონ.

“თბილისიმარათონში” მოყვარული თუ პროფესიონალი სპორტსმენებისა და სამთავრობო სექტორის გარდა, სავარაუდოდ სხვადასხვა ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან. აქტიურად იქნება წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსიც. წინასწარი მონაცემებით, თბილისის ზღვაზე დაახლოებით 25 ქვეყნის წარმომადგენელი ირბენს. გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმაც დაადასტურა, რომ პროექტისთვის მათი საელჩოს თანამშრომლებიც ემზადებიან.

პაატა ბურჭულაძემ შარშანდელი “თბილისიმარათონი” გაიხსენა – იმ ღონისძიების შემდეგ სამმა ოჯახმა ძალიან დიდი დახმარება მიიღოო. წლეულს კი სულ სხვა მასშტაბებზეა საუბარი და ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი გაცილებით დიდ შედეგს ელის.

“თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგისტრაციიდან შემოსულ საერთო თანხას “ჰაიდელბერგი” იმდენივეს ამატებს, წლეულს კიდევ უფრო შთამბეჭდავ ქველმოქმედებას უნდა ველოდოთ. მადლობა ამ კომპანიას. იგი უკვე დიდი ხანია, “იავნანას” გვერდით დგას. მარტში ჩვენს ფონდს დაარსებიდან 10 წელი უსრულდება და 3 მარტს მასშტაბური ღონისძიების გამართვას ვგეგმავთ. იმ პროექტის გენერალური სპონსორიც “ჰაიდელბერგცემენტი” იქნება” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

“ირბინე ჯანმრთელობისთვის – ირბინე ქველმოქმედებისთვის” – ეს “თბილისიმარათონის” სლოგანია, რადგან თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე გახდება – რეგისტრაციის თანხა 10 ლარია. რაც შეეხება პრიზებს, “თბილისიმარათონი” ამ მხრივაც გამორჩეული შეჯიბრება იქნება - ორგანიზატორები სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესებული საპრიზო კატეგორიების 54 გამორჩეულ მონაწილეს დააჯილდოვებენ.

და კიდევ, საქართველოში პირველად, ნახევარმარათონის შედეგები დაითვლება მსოფლიოში აპრობირებული სისტემით, “Official Timekeeping and Data Prcessing”, გერმანული კომპანია Mika Timing-ის მიერ. სისტემა გამოცდილია შტუტგარტის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და ბერლინის მარათონებზე.

სპორტის სამინისტროს ფოტო

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091671