ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად, 20 აპრილს კუს ტბაზე "სიმბოლური გარბენი" გაიმართა, რომელშიც აქტიურად "თბილისიმარათონიც" მონაწილეობდა.
ამ გადაწყვეტილებით "თბილისიმარათონი" ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივას შეუერთდა. 5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, მოყვარულსა თუ პროფესიონალს, ფეხით მოსიარულესა თუ ძუნძულით მორბენალს შეეძლო. აქციას მნიშვნელოვანი მიზანიც ჰქონდა - „გავერთიანდეთ ძალადობის წინააღმდეგ!“
"ჰაიდელბერგცემენტი" მიესალმება ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივას. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან "ჰაიდელბერგცემენტის თბილისიმარათონი" არის პირველი ოფიციალური მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოდან, რომელიც მსოფლიო მარათონების საერთაშორისო კალენდარში შევიდა. ჩვენ დღეს მსოფლიოს გვერდით ვდგავართ და ვამაყობთ, რომ "თბილისიმარათონი“ მონაწილეობს მინიგარბენში ბოსტონის მხარდასაჭერად,“ – აღნიშნა ჰაიდელბერგცემენტის კომუნიკაციების მენეჯერმა ნინო სუბელიანმა.
როგორც კუს ტბაზე შეკრებილები აცხადებდნენ, ისინი გმობენ ყოველგვარ ძალადობასა და ტერაქტს, რომელიც აშშ-ში სწორედ მსგავსი სპორტული ღონისძიების მიმდინარეობისას მოხდა. სოლიდარობის მარათონის მონაწილეებს დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც შეუერთდა და ქართველ ხალხს ამერიკელების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ბოსტონისკენაა მიმართული, სადაც სპორტული ღონისძიების დროს 3 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. ის მხარდაჭერა ამერიკელი ხალხისადმი, რასაც ახლა თბილისში ვხედავ ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობას ვუხდი ქართველებს ამ ხარდაჭერისთვის და გულისხმიერებისთვის,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
5 კილომეტრიან გარბენს რამდენიმე ათეული მონაწილე ყავდა, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ ტერაქტის შედეგად დაზარალებულებს. ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ "ჰაიდელბერგცემენტის თბილისიმარათონი", "გაუ-თბილისის პიარსკოლა", "ვისოლ ჯგუფი", ნატურალური მინერალური წყალი "სნო", "ავერსი", ამერიკის სავაჭრო პალატის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტი, მედია ჰოლდინგი "კვირის პალიტრა", "PR კლუბი“, "ISET", გაზეთი "The Financial" მონაწილეებს შორის იყვნენ გაუ თბილისის პიარ სკოლის სტუდენტებიც და საზოგადოების ცნობადი სახეები.
ორშაბათს, 15 აპრილს, ბოსტონის მარათონის მსვლელობისას, რომელშიც 90 ქვეყნიდან 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და 500 ათასამდე გულშემატკივარი თვალს ადევნდებდა, სამი აფეთქება მოხდა, რამაც ზეიმი კატასტროფად აქცია. დაიღუპა 3, დაიჭრა 170-ზე მეტი ადამიანი, აქედან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 25-ის სერიოზულია. დაღუპულთა შორისაა 8 წლის ბავშვიც.
®







