ძიუდო

13:35 | 16.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

თბილისიდან ევროპამდე - ყველა კანდიდატის ყველა შედეგი

“საერთაშორისო ტურნირებზე არაერთი კანდიდატი გამოვცადე. მეტნაკლები ყურადღება ყველაზე შემექმნა. ევროპის ჩემპიონატზე კი ისინი მიმყავს, ვინც ამ ეტაპზე უკეთაა მომზადებული. საქართველოს ნაკრებში მოსახვედრად ძალიან ბევრი კარგი ძიუდოისტი იბრძვის და მათ შორის არჩევანის გაკეთება იოლი საქმე ნამდვილად არაა” – უთხრა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა, პიტერ ზაიზენბახერმა “მსოფლიო სპორტს” გუშინ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ.
მწვრთნელმა დიღომში ის 17 შეგირდი დაასახელა, რომლებსაც 21-24 აპრილს, სტამბოლში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე იახლებს. მათგან 14 ინდივიდუალურ პირველობაში ჩაერთვება. 3 კი ზაიზენბახერმა გუნდურ ჩათვლაში საჭიდაოდ დაამატა განაცხადს.
ინდივიდუალურ ჩათვლაში ტატამზე გავლენ: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა, გიორგი შოშიაშვილი (66 კგ), თენგიზ პაპოშვილი, ამბაკო ავალიანი (73 კგ), ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა გურული (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ). ხოლო გუნდურში - ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) და ალექსანდრე მსხალაძე (+100 კგ).
საქართველოს ნაკრებმა წლეულს ხუთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. თბილისის, ბუდაპეშტისა და ვარშავის მსოფლიოს თასებზე, დიუსელდორფის დიდ პრიზსა და პარიზის დიდ სლემზე საქართველოს დროშის ქვეშ 37-მა ძიუდოისტმა იჭიდავა. ყველაზე მეტი – 6 კანდიდატი 73, 81 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოიცადა. ყველაზე ნაკლები – 4 კი მძიმე წონაში. ყველაზე მეტი – 3-3 ტურნირი იჭიდავა დავით ასუმბანმა, ბეთქილ შუკვანმა (ორივე 60 კგ), თენგიზ პაპოშვილმა (73 კგ), ადამ ოქრუაშვილმა და ნოდარ მეტრეველმა (+100 კგ).
მოპოვებული 7 მედლიდან, 2 ოქროსია, 1 ვერცხლის, 4 ბრინჯაოსი. ოქროები და ვერცხლი ქართველმა ძიუდოისტებმა იანვრის ბოლოს, თბილისის მსოფლიოს თასზე მოიპოვეს, მაშინ, როდესაც, ნაკრებს სათავეში სოსო ლიპარტელიანი ედგა. ჩემპიონები - ამბაკო ავალიანი (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) გახდნენ, ხოლო დავით კარბელაშვილი (81 კგ) მეორე ადგილს დასჯერდა. მანვე, ბუდაპეშტის მსოფლიოს თასზე ბრინჯაო ირგუნა, ბეთქილ შუკვანთან (60 კგ) ერთად, პარიზის დიდ სლემზე კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) ავიდა.
 

29-30 იანვარი
თბილისის მსოფლიოს თასი
28 ქართველი მონაწილე
2 ოქრო – 1 ვერცხლი – 1 ბრინჯაო
ამბაკო ავალიანი (73 კგ) – ოქრო

დაამარცხა 5 მეტოქე: სომეხი რობერტ ვარდანიანი (წესების დარღვევის გამო მოხსნეს), უკრაინელი დმიტრო ბაბიჩუკი (იპონით), ებრაელი იოზეფ პალელაშვილი (იპონით), უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკა (დამატებით დროში, იუკოთი) და ბელარუსი ალექსეი რამანჩუკი (იპონით).
ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) - ოქრო
მოიგო 5 შეხვედრა: აზერბაიჯანელ რუსტამ ალიმრისთან (იუკოთი), ებრაელ იოელ რაზვოზოვთან (2 ვაზარით), უნგრელ კრიშტიან ტოსთან (ვაზარით), აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლისთან (იპონით, ოქროს დროში), დავით კარბელაშვილთან (შებოჭვით).
დავით კარბელაშვილი (81 კგ) - ვერცხლი
ფინალამდე - ჭრიკიშვილთან წაგებამდე 4 მეტოქე ჩამოიცილა: აზერბაიჯანელი ტურალ საფგულიევი (იპონით), უკრაინელი ვიტალი დუდჩიკი (იპონით), ყაზახი ისლამ ბოზბაიევი (იუკოთი), ახმედ სარი (თურქეთი).
ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაო
ძირითად ბადეში 2 წმინდა გამარჯვება მოიპოვა: ყაზახ იერჟან შინკეიევთან და რუს ასლან კამბიევთან. ნახევარფინალში რუს ანდრეი ვოლკოვთან შებოჭვაზე მოყვა, რეპეშაჟის ფინალში კი ბელარუს ალექსანდრ ვახავიაკს იპონით აჯობა.

5-6 თებერვალი
პარიზის დიდი სლემი
9 ქართველი მონაწილე
1 ბრინჯაო
60 კგ - ამირან პაპინაშვილი – ბრინჯაო

ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, უზბეკ რიშოდ სობიროვთან იპონით წაგებით (არადა იქამდე ვაზარს იგებდა) და დიდი სლემის წესდების თანახმად, რეპეშაჟში გადაუსვლელად დაიკავა მესამე ადგილი. ამ შეხვედრამდე 3 მეტოქე დაამარცხა: იუჰო რეინვალი (ფინეთი) – ვაზარით, ა ლამუსი (ჩინეთი) – 2 ვაზარით, ტობიას ენგლმაიერი (გერმანია) – იოკოთი.
60 კგ – ბეთქილ შუკვანი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
საუდის არაბეთის ნაკრების წევრ ეისა მაირაშისა და ჩეხ პაველ პეტრიკოვს იპონებით მოუგო. სომეხ ჰოვანეს დავთიანთან იპონითვე წააგო.
73 კგ - თენგიზ პაპოშვილი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
ნიგერიელი აბას სალიჰუ და ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი წმინდად დაამარცხა. სამხრეთკორეელ ვონ იუნ კიმს კი ვეღარაფერი მოუხერხა.
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი – მეორე წრეში წააგო
ებრაელ იოზეფ პალელაშვილს იპონით გასცდა, ტაჯიკ რასულ ბოქიევთან კი ჰანტეითი წააგო.
81 კგ – ლევან წიკლაური – მერვედფინალიდან გამოეთიშა
ფინელ ანტი ვირტას წმინდად მოუგო, მაგრამ იპონითვე დამარცხდა არგენტინელ მანუელ ლუცენტისთან.
81 კგ – ლაშა ზურაბიანი – პირველივე წააგო
უზბეკ მუმინ ნაბიევთან 2 წუთში წააგო.
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი – მე-5 ადგილი
სამეულის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ბრაზილიელ ტიაგო კამილოსთან ვაზარით წაგებით. იქამდე, რობი ვან ლაარჰოვენი (ჰოლანდია) 2 იუკოთი ჩამოიცილა, ხოლო პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზი მსაჯებმა მოუხსნეს, ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის.
100 კგ – ლევან ჟორჟოლიანი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
ფრანგი მაელ ლე ნორმანი სამ წუთში დაამარცხა, იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან კი მე-14 წამზე წააგო.
+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი – მე-5 ადგილი
ბულგარელი ივან ილიევის და ესტონელი მარტინ პადარის იპონ-იპონ ძლევის მერე, კუბელ ოსკარ ბრისონთან თავად წამოეგო წმინდა გდებაზე.

12-13 თებერვალი
ბუდაპეშტის მსოფლიოს თასი
7 ქართველი მონაწილე
2 ბრინჯაო
60 კგ – ბეთქილ შუკვანი – ბრინჯაო

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას, პარიზის დიდი სლემის მსგავსად, ისევ სომეხმა ჰოვანეს დავთიანმა გამოთიშა, მეოთხედფინალური შეხვედრის მესამე წუთზე შესრულებული მტკივნეული ილეთით. დავთიანთან დაპირისპირებამდე, ბელგიელი დამიენ ბომბუა და პერუელი ხუან პოსტიგოსი იპონ-იპონ ჩამოიცილა. რეპეშაჟში გადართულმა კი ჯერ მექსიკელი კასტილიო ნაბორი დააიპონა, ხოლო გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრაზილიელ ბრენო ალვეშს აჯობა.
66 კგ – სანდრო იაკობაშვილი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
მოლდოველ იგორ სოროკას 2 ვაზარით გასცდა, პორტუგალიელ სერხიუ ოლეინიჩს – იუკოთი, ფრანგ პიერ დუპრასთან კი იუკოთივე დამარცხდა.
73 კგ – ზებედა რეხვიაშვილი – პირველივე წააგო
სერბ მილოშ მიალკოვიჩთან ოქროს დროში ვაზარზე დავარდა.
81 კგ – დავით კარბელაშვილი – ბრინჯაო
პოლონელ ლუკაშ ბლახს 2 იუკოთი მოუგო, თურქ ახმეტ სარის – ვაზარით, სლოვენიელ ალჯაზ სედეჟს და გერმანელ რობერტ გესს – იპონებით. ნახევარფინალში ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩთან იუკოთი წააგო, ხოლო რეპეშაჟის ფინალში ამერიკელ ტრევის სტივენსს იპონით აჯობა.  
90 კგ – საბა გავაშელიშვილი – ერთი მოიგო
უნგრელ იშტვან ლევენტე ნაგისთან წმინდად იმარჯვა, მერვედფინალში კი შავკანიან უკრაინელთან, ქუეჯაუ ნჰაბალისთან იპონითვე წააგო.
90 კგ – ლაშა გურული – ერთი მოიგო
ესტონელ გრიგორი მინაშკინს იპონით სძლია, ხოლო უნგრელ ტამას მადარაშთან ერთით მეტი გაფრთხილების გამო დამარცხდა.
+100 კგ – ნოდარ მეტრეველი – მე-5 ადგილი
უნგრელი ადამ იაჰაშისა და ფრანგი პიერ რობენის იპონებით და ალჟირელი მუჰამედ ბუეჩაუს იუკოთი მოგების შემდეგ, ნახევარფინალში რაფაელ სილვასთან გაფრთხილებით დამარცხდა. ბრინჯაოს მედალი კი ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟთან წაგებით დაკარგა.

19-20 თებერვალი
დიუსელდორფის დიდი პრიზი
9 ქართველი მონაწილე
60 კგ – ამირან პაპინაშვილი – მე-5 ადგილი

ფინელი ვალტერი იოკინენისა და გერმანელი ტობიას ენგლმაიერის თითო ვაზარ-იუკოთი ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯინ-მინ იანგთან წმინდად წააგო და რადგან დიდ პრიზზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, უმალ მე-5 ადგილი დაიკავა.
60 კგ – დავით ასუმბანი – ერთი მოიგო
ტურნირი თბილისის მსოფლიოს თასის ფინალისტის, ყაზახი იერკებულან კოსაიევის იპონით ძლევით გახსნა, მეთექვსმეტედფინალში კი, უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველ მსოფლიოს ჩემპიონთან, გიორგი ზანთარაიასთან შეხვედრაში თავად წამოეგო იპონზე.
73 კგ – ნუგზარ ტატალაშვილი – ერთი მოიგო
მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა. დაუძლეველი ბარიერი ესტონელი კინტერ როტბერგი აღმოჩნდა, იქამდე კი, გერმანელი რენე შნეიდერი ჩამოიცილა.
81 კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი – პირველივე წააგო
მხოლოდ ერთხელ გავიდა ტატამზე - იტალიელ ფრანჩესკო ბრიერთან დამარცხდა წმინდა გდებით.
81 კგ – ლევან წიკლაური – პირველივე წააგო
ლატვიელმა კონსტანტინს ოვჩინიკოვსმა შებოჭა.
90 კგ – ვარლამ ლიპარტელიანი – მე-5 ადგილი
პოლონელი კრჟიშტოფ ვეგლარზისა და ფრანგი ივ მეთიუ დაფრევილის იპონ-იპონ ძლევის მერე, მეოთხედფინალში შვედ მარკუს ნიმანთან ვეღარას გახდა. 2010 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც სწორედ ნიმანთან წააგო.
100 კგ – ირაკლი ცირეკიძე – მერვედფინალიდან გამოეთიშა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ტატამზე დაბრუნებულმა ქართველმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, დიუსელდორფში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა – უკრაინელ ვიაჩესლავ დენისოვს იპონით გასცდა, მაგრამ მერვედფინალში, მონღოლ ტემუულენ ბატულგასთან იპონითვე დამარცხდა. მონღოლმა ოცდამეათე წამზე შესრულებულ ვაზარს შებოჭვა მოაყოლა.
+100 კგ – ზვიად ხანჯალიაშვილი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვს იოლად მოუმთავრა საქმე. ლიტველ მარიუს პასკევიჩუსსაც დამაჯერებლად უგებდა, მაგრამ მესამე წუთზე, თავის წამოწყებულ ილეთზე, ჩვეულ სტილში მოყვა შებოჭვაზე.
+100 კგ – ნოდარ მეტრეველი - მერვედფინალიდან გამოეთიშა
მერვედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრს, ოღონდ იქამდე ორი მეტოქის – თურქი ენსარ ტამასა და სლოვენიელი მატიაზ სერაჟის ძლევა მოასწრო. მარცხი კი ბრაზილიელი რაფაელ სილვასგან იწვნია. თუ ბუდაპეშტის მსოფლიოს თასის ნახევარფინალში გაფრთხილებით წააგო, გერმანიაში იპონზე წამოეგო.

26-27 თებერვალი
ვარშავას მსოფლიოს თასი
8 ქართველი მონაწილე
60 კგ - დავით ასუმბანი – პირველივე წააგო

დაუძლეველი ბარიერი გერმანელი რობერტ კოპისკე აღმოჩნდა.
66 კგ – გიორგი შოშიაშვილი – პირველივე წააგო
ტურნირს რუს კამალ ხან-მაგომედოვთან იპონით წაგებით გამოეთიშა.
73 კგ – თენგიზ პაპოშვილი – ერთი მოიგო
მხოლოდ თურქი სეზერ ჰუისუზის ჩამოშორება შეძლო, ფრანგ იორდან ამოროსთან კი ვეღარას გახდა.
73 კგ – ამბაკო ავალიანი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
ებრაელი იოზეფ პალელაშვილისა და ჩინელი ვეი ლიუს ვაზარ-იუკოებით ძლევის შემდეგ, მერვედფინალში, რუმინელ კოსტელ დანკუელასთან იუკოთი დამარცხდა.
81 კგ – პაატა ღვინიაშვილი – ერთი მოიგო
უკრაინელ ევგენი კატაიევს სამ წუთში იუკო, ვაზარი და იპონი შეუსრულა, უნგრელ მილან ბურგეშთან კი წმინდადვე დამარცხდა.
90 კგ – გიორგი ცოციაშვილი – ერთი მოიგო
მექსიკელ კარდენას ისაოს უპრობლემოდ გასცდა, უნგრელ გაბორ ვერთან კი მეოთხე წუთის მიწურულს წამოეგო იპონზე.
100 კგ – დავით ლორიაშვილი – მერვედფინალიდან გამოეთიშა
აზერბაიჯანელ საინ მამადოვს იუკოთი სძლია, უნგრელ დანიელ ჰადფის – ვაზარით, რუს დავიდ ბიტიევთან კი გაფრთხილების ხარჯზე დაკარგული იუკოთი დარჩა მეოთხედფინალს მიღმა.
+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი – პირველივე წააგო
ისლანდიელ ტორმოდურ იონსონს ტოლსწორად მხოლოდ 4 წუთი ეჭიდავა. შემდეგ კი წმინდად წააგო.

ჩამოთვლილთა გარდა, საერთაშორისო არენაზე გავიდნენ: პაატა მერებაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი (60 კგ), არსენ მაჭარაშვილი, ლევან ჩუბინიძე (66 კგ), ზურაბ ნოზაძე, ზვიად ბაზანდარაშვილი (73 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ), მალხაზ ნიჟარაძე, კონსტანტინე მუკვანი, რევაზ ჩიკოიძე (100 კგ) და ვახტანგ ზოიძე (+100 კგ). თორმეტივე მათგანს მხოლოდ ერთხელ - თბილისის მსოფლიოს თასზე მიეცა თავის გამოჩენის შანსი.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087892