ჩოგბურთი

17:28 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ტაილანდელი ვეტერანი ელის

უიმბლდონის ძირითად ბადეში დაშვებული ანა ტატიშვილის პირველი მეტოქე 35 წლის ვეტერანი ტამარინე ტანასგურანი იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ჩოგბურთელს კენჭისყრაში გაუმართლა, რადგანაც მისი მომავალი მოწინააღმდეგე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მხოლოდ 114-ე ადგილზეა.
ბანგკოკელ ვეტერანი პროფესიულ ტურში 20 წლის წინ (!) გამოჩნდა, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი 2002 წლის მაისში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციის მე-19 პოზიციას უწია. ცხადია, ამჟამად ტამარინე ძველ კონდიციებში აღარ იმყოფება, ამდენად, 22 წლის ტატიშვილი, რომელიც რეიტინშგში 72-ე ადგილზეა, მასთან უპირობო ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
ქართველი და ტაილანდელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, მათ შორის გამარჯვებული კი, მე-2 წრეში იტალიელებს – კამილა გიორგისა და ფლავია პენეტას (მე-18 განთესვა) შორის უმჯობესს დაუპირისპირდება, რაც უარესი ვარიანტი ასევე არ უნდა იყოს.
ცნობისთვის, შარშან ლონდონურ ბალახზე ტატიშვილმა რუსი ანასტასია პივოვაროვა 3:6, 6:2, 6:3 დაამარცხა, მე-2 რაუნდში კი მე-19 განთესვის მქონე ბელგიელ იანინა ვიკმაიერსაც უგებდა, თუმცა, საბოლოოდ მარცხი განიცადა – 6:3, 4:6, 2:6. ამდენად, ანას უიმბლდონზე 100 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი.
აქვე დავძენთ, რომ წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი რუს ანა ბრატჩიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებული. ეს დუეტი პირველ წრეში ძალებს მე-10 ნომრად განთესილ ამერიკულ წყვილთან (კოპს-ჯოუნსი/სპირსი) მოსინჯავს. ლონდონში ძირითადი ბადის მატჩები სტარტს ორშაბათიდან აიღებს.
დასასრულ, შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ვთქვათ, სადაც წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს სოფო ქვაცაბაია. ქართველმა ჩოგბურთელმა თამაში საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და მას შემდეგ, უკვე 4 გამარჯვება იზეიმა. მერვედფინალში სოფომ ჩეხი ტერეზა სმიტკოვა 4:6, 6:0, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მე-2 ნომრად მიჩნეულ სერბ ალეკსანდრა კრუნიჩს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172054