აშშ-ს ღია პირველობის პირველ რაუნდში ანა ტატიშვილის მეტოქე ფრანგი სტეფანი ფორეც გაკონი იქნება. ქართველ ჩოგბურთელს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 71-ე ადგილი უკავია, მისი მომავალი მოწინააღმდეგე კი – 88-ე, ამდენად, ანას კენჭისყრისადმი სასაყვედურო არაფერი აქვს.
ფორეც გაკონი 31 წლის გახლავთ და კარიერის პიკი შორეულ 2003 წელს ჰქონდა, როდესაც 62-ე პოზიციას უწია. ამ მომენტამდე ერთი წლით ადრე კი, ფრანგმა აშშ-ს ღია პირველობის მე-3 წრეში გააღწია და ეს, მისთვის ამ ტურნირზე დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.
რაც შეეხება 22 წლის ტატიშვილს, მან US Open-ის ძირითად ბადეში პირველად შარშან ითამაშა და მე-17 ნომრად განთესილ რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასთან 2:6, 2:6 დამარცხდა, ახლა კი, საწყისი რაუნდის დაძლევის გაცილებით კარგი შანსი აქვს.
27 აგვისტოს, ანა ფორეც გაკონს კარიერაში პირველად ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში, ერთბაშად 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მე-2 წრეში კი მე-16 ნომრად განთესილ გერმანელ საბინ ლისიცკის და რუმინელ სორანა კირსტეას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.







