ჩოგბურთი

21:04 | 5.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა წაგებული “მოატრიალა”

22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა და ნოტინგემის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 75 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია. ანა უნგრელ მელინდა ჩინკთან შეხვედრის მე-3 სეტში 2:5-ს აგებდა, თუმცა, ზედიზედ ოთხი გეიმის მოგების ხარჯზე, საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, საბოლოოდ კი, მატჩი 6:2, 3:6, 7:6 (7:2) მოიგო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს თავად არაერთი დასანანი შეხვედრა აქვს წაგებული, ამჯერად კი, ფაქტობრივად წაგებული შეხვედრის “შემოტრიალება” თავადაც მოახერხა. ბრიტანულ ბალახზე გამართული თამაში საათსა და 47 წუთს გაგრძელდა, ამ გამარჯვების წყალობით კი, ტატიშვილმა AEGON Trophy-ს მერვედფინალში გააღწია.
ორიოდ სიტყვით გასული მატჩის სტატისტიკაზეც ვთქვათ: ქართველ ჩოგბურთელს პირველ მოწოდებაზე 56%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 70% (37 53-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 61% (25 41-დან) მოიგო. ანამ 5 ეისი მოაწოდა, 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 2 ორმაგი და 5 ეისი ჰქონდა) და 4-ვე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქემ კი 8-დან 3 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ტატიშვილმა 96 ქულა მოიგო, ხოლო უნგრელმა – 85.
ცნობისთვის, აქამდე ქართველი გოგონა ბუდაპეშტელ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში 1:2-ს აგებდა, ახლა კი, წონასწორობა აღადგინა და წლეულს დასახული მიზნისკენ მორიგი ნაბიჯიც გადადგა. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგის (WTA) მოწინავე 50-ეულში შესასვლელადა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურისთვის იბრძვის, ამის გათვალისწინებით კი, გასული შეხვედრის წაგება არაფრით შეიძლებოდა.
ამ დროისთვის, ანას კლასიფიკაციაში 873 ქულა გააჩნია და 75-ე ადგილზე იმყოფება, ნოტინგემის ტურნირის მერვედფინალში გასვლით კი 14 ქულა შეიმატა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ AEGON Trophy-ს მეოთხედფინალისტები 30 ქულას მიიღებენ, ნახევარფინალი 50 ქულას იძლევა, ფინალი – 78-ს, ხოლო ჩემპიონი აქტივს 110 ქულას შეჰმატებს.
უკვე ცნობილია, რომ მომდევნო რაუნდში ტატიშვილის მეტოქე ამერიკელი კოკო ვანდევეიგე იქნება, რომელმაც თამაში საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და უკვე 4 მატჩის მოგება მოასწრო, თანაც სეტიც კი არ დაუთმია. 21 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში ბრიტანელებს – რენსა (6:2, 6:0) და რაშს (6:2, 6:3), ასევე იტალიელ ჯიორჯის (6:4, 7:5) აჯობა, ძირითად ბადეში კი კიდევ ერთი მასპინძელი სამანტა მიურეი 6:2, 7:5 დაამარცხა.
ვანდევეიგე WTA-ს რეიტინგში 416 ქულით 157-ე ადგილზე გახლავთ, საუკეთესო შედეგი კი გასული წლის აპრილში ჰქონდა, როდესაც 89-ე პოზიციას უწია. ქართველი და ამერიკელი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, თუმცა, ეს შეხვედრა როდის შედგება, ჯერაც უცნობია. საქმე ის გახლავთ, რომ ნოტინგემში წვიმის გამო, პირველი რაუნდის არაერთი მატჩი ჯერაც ჩასამთავრებელი გახლავთ.
დასასრულ ისიც ვთქვათ, რომ ტატიშვილმა წარმატებული სტარტი აიღო წყვილთა გათამაშებაში, სადაც ავსტრიელ ტამირა პაშეკთან ერთად ირჯება. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი ერთეულთა თანრიგში პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა, საწყის რაუნდშივე ამერიკელ ელისონ რისკესთან წააგო. წყვილებში კი ტატიშვილმა და პაშეკმა ლი-უოტერსი და მულტონ-ლევი (ორივე – აშშ) 6:4, 6:2 დაამარცხეს და მეოთხედფინალში კაროლინა და კრისტინა პლისკოვების ჩეხურ დუეტს (მე-3 განთესვა) ეთამაშებიან.

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162179