ანა ტატიშვილმა რომის საერთაშორის ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 166 400 დოლარი) ერთეულთა გათამაშებაში საკვალიფიკაციო რაუნდი ვერ დასძლია, წყვილებში კი წარმატებული სტარტი აიღო. ტატიშვილი და ამერიკელი ჯემი ჰემპტონი ტაივანელ ჰსიესა და ჩინელ ჟენგს დაუპირისპირდნენ და 1:6, 6:3, 11:9 იმარჯვეს.
ცნობისთვის, შეხვედრა საათსა და 12 წუთს გაგრძელდა და ქართულ-ამერიკულმა წყვილმა მეტოქეებზე 8 ბურთით ნაკლები (54-62) მოიგო, თუმცა, საბოლოო გამარჯვებას მაინც მიაღწია. საინტერესოა, რომ საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე ტატიშვილი და ჰემპტონი ჯერ – 1:5-ს, შემდეგ კი 7:9-ს აგებდნენ, მაგრამ თამაშის შემობრუნება მოახერხეს.
ამ გამარჯვების წყალობით, ანამა და ჯემიმ 125 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავეს და მერვედფინალში გააღწიეს, სადაც მე-6 ნომრად განთესილ გერმანელ გერგესსა და ამერიკელ კინგს ეთამაშებიან. ამ უკანასკნელთ პოლონელი იანს-იგნაჩიკი და რუსი კუდრიავცევა 7:5, 6:2 დაამარცხეს.
თუ ტატიშვილმა და ჰემპტონმა ეს ბარიერიც დასძლიეს, აქტივს 225 ქულას შემატებენ.







