ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობის შემდეგ, ანა ტატიშვილი პირველ ტურნირს კანადაში ატარებს და ჯერჯერობით, ჩინებულადაც თამაშობს. 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მონრეალში მიმდინარე პრესტიჟული “როჯერს ქაფის” (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) კვალიფიკაციაში მე-3 მატჩიც მოიგო და ძირითად ბადეში გააღწია.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილმა საწყის წრეებში კანადელ შერონ ფიჩმანს და ამერიკელ ეშლი ვეინოლდს, შესაბამისად, 7:5, 6:1 და 6:0, 6:2 სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი მსოფლიოს 46-ე ჩოგანი ურსულა რადვანსკა 6:4, 6:0 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი ჩოგბურთელი კვალიფიკაციაში პირველ ნომრად გახლდათ განთესილი, თუმცა, ანას მოწოდება ერთადერთხელ აართვა, ქართველმა გოგონამ კი ხუთივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა ჯამში მეტოქეზე 17-ით მეტი გათამაშებაც მოიგო.
მონრეალის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დაძლევით, ტატიშვილმა, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 833 ქულით 79-ეა, აქტივს 30 ქულა შემატა. ანა 1 ქულას ძირითად ბადეში გასვლისთვისაც მიიღებს, ხოლო თუ იქ ერთი რაუნდი მაინც დასძლია, მონაგარს ერთბაშად 70 ქულით გაიმდიდრებს.
ქართველი ჩოგბურთელის მომავალი მეტოქე ყაზახეთის სახელით მოთამაშე რუსი კსენია პერვაკია, რომელსაც ამჟამად 891 ქულით 72-ე ადგილი უკავია, ხოლო შარშან სექტემბერში 37-ე პოზიციაზეც კი აღზევდა. გასულ წელს, მემფისის ტურნირზე პერვაკს ტატიშვილი ორ სეტში ჰყავს დამარცხებული – 6:3, 6:4.
წყვილთა ტურნირში ანა სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში ტაივანელი ჩუანგის და ჩინელი ჟანგის დუეტს დაუპირისპირდება. ამ შემთხვევაში, საწყისი წრის დაძლევა 125 ქულას იძლევა.







