ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა სიდნეის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 637 ათასი დოლარი) მოულოდნელი მარცხი განიცადა. საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში, ტატიშვილმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 89-ე ადგილზეა, კლასიფიკაციაში 671-ე პოზიციაზე მყოფ 17 წლის ავსტრალიელ ვიკტორია რაიჩიჩთან 3:6, 6:4, 4:6 წააგო.
ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 70%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 54% (37 68-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი, მხოლოდ 24% (7 29-დან) მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა 3 ეისი მოაწოდა, 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი მოწოდება რვაჯერ (12 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 14 ბრეიკ-პოინტიდან 7 გამოიყენა. ჯამში ანამ 88 ქულა მოუგო, მისმა მეტოქემ კი – 104.







