ჩოგბურთი

22:24 | 13.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა მეოთხედფინალი და 70 ქულა გაინაღდა

ანა ტატიშვილმა კვებეკის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 220 ათასი დოლარი) მე-2 წრეშიც დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა და ”ჩელენჯ ბელის” მეოხედფინალში გააღწია, რისი წყალობითაც რეიტინგს 70 ქულა შემატა.
მერვედფინალურ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მე-7 ნომრად განთესილი პეტრა მარტიჩი გახლდათ, რომელთან დაპირისპირებაც საათს და 18 წუთს გაგრძელდა. ტატიშვილმა 2 ეისი მოაწოდა, 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 11-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება სამჯერ დათმო და 6:2, 6:3 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ტატიშვილს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 1170 ქულით 52-ე ადგილი უკავია, 70 ქულის შემატებით კი დიდი ალბათობით მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათეულში შეაღწევს.
მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე 26 წლის ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი (102-ე) იქნება, რომელმაც ხორვატი მირიანა ლუჩიჩი (113-ე) 6:7 (2:7), 6:2, 6:4 დაამარცხა. თუკი ანამ მომავალ თამაშშიც იმარჯვა, მარაგს უკვე 130 ქულას შემატებს. აქვე ვთქვათ, რომ კვებეკის ტურნირის ფინალში გასვლა 200 ქულას იძლევა, ჩემპიონი კი 280 ქულით დასაჩუქრდება.
და ერთიც. აშშ-ს ღია პირველობის შემდეგ, ბოლო პერიოდში ტატიშვილის თამაშის ყურების საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ანას ასპარეზობაში წინსვლა აშკარაა. ახლა, მთავარია, მან ეს პროგრესი შეინარჩუნოს.

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089916