ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ცინცინატიში მიმდინარე Western & Southern Open-ის (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ძირითად ბადეში მოხვედრას სცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
ტატიშვილი კვალიფიკაციაში მე-14 ნომრად გახლდათ განთესილი და პირველ რაუნდში “უაილდ ქარდით” მიწვეულ ამერიკელ ნიკოლ გიბსს 6:2, 7:6 (10:8) სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პირველი რეიტინგის მქონე იაროსლავა შვედოვასთან (ყაზახეთი) 5:7, 2:6 წააგო.
ახლა, ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა გათამაშებაზე გადაერთვება, სადაც რუს ეკატერინა მაკაროვასთან გახლავთ შეამხანაგებული და ძირითად ბადეში ამერიკულ-ინდურ დუეტს (მატეკ-სანდსი/მირზა) დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 833 ქულა გააჩნია და 79-ე ადგილზეა, ცინცინატის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში გასვლით კი საკუთარ აქტივს 20 ქულა შემატა.







