როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ანა ტატიშვილმა ბუდაპეშტის 220-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში რეიტინგში გაცილებით დაბლა მყოფი უნგრელი ჩოგბურთელი ვანდა ლუკაჩი იოლად – 6:1, 6:2 დაამარცხა, რასაც მხოლოდ 54 წუთი დაახარჯა, სანაცვლოდ კი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 70 ქულა შეიმატა.
შეგახენებთ, რომ ტატიშვილმა უნგრული ტურნირის პირველ რაუნდში მე-3 ნომრად განთესილ ბულგარელ ცვეტანა პირონკოვას 1:6, 6:3, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი კლასიფიკაციაში 980-ე პოზიციაზე მყოფი მეტოქის განადგურება აღარ გასჭირვებია. რეიტინგში 81-ე ადგილზე მყოფ ქართველ ჩოგბურთელს მთელი მატჩის განმავლობაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, რამაც შესაბამისი ასახვა სტატისტიკაშიც ჰპოვა.
ანას პირველ მოწოდებაზე 76%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 69% (24 35-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 73% (8 1-დან) მოიგო. ტატიშვილმა 1 ეისი მოაწოდა და ამდენივე შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 8 ორმაგი ჰქონდა, ეისი კი არ მოუწოდებია), 10-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება ერთადერთხელ (2 შესაძლებლობიდან) დათმო. ჯამში ქართველმა 58 ქულა მოიგო, ხოლო უნგრელმა – 34.
მეოთხედფინალში ტატიშვილის მეტოქე კანადელი ალეკსანდრა ვოზნიაკი (57-ე) იქნება, რომელმაც რუმინელი ალექსანდრა კადანტუსთან (74-ე ჩოგანი) ორსაათიან ჯახში პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო, თუმცა, შემდეგ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 6:7 (2:7), 6:0, 6:0. ტატიშვილსა და ვოზნიაკის WTA-ს ეგიდით ორჯერ უთამაშიათ და ჯერჯერობით, თანაბარი ბალანსი აქვთ, ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ მეტოქეებმა ვერცერთი მატჩის ჩამთავრება ვერ მოახერხეს. გასულ წელს ალბუკერკის ტურნირზე ანა 6:3, 1:6, 5:1-ს იგებდა, როდესაც ვოზნიაკი დანებდა, ლინცში კი უკვე ქართველი მარცხდებოდა (5:7, 1:2), როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
როგორც აღვნიშნეთ, მეოთხედფინალში გასვლით ტატიშვილმა აქტივს 70 ქულა შემატა, კიდევ ერთი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი უკვე 130 ქულა ერგება. აქვე ვთქვათ, რომ უნგრული შეჯიბრის ფინალისტები – 200 ქულას მიიღებენ, ხოლო გამარჯვებული – 280-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონის ოლიმპიური ტურნირის ბადის გამოქვენებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება (განთესვა 11 ივნისს გამოსაქვეყნებელი რეიტინგის მიხედვით მოხდება), ტატიშვილისთვის თითოეული გამარჯვება ძალიან ძვირფასია.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე პირდაპირ 56 მოწინავე ჩოგბურთელი ხვდება (დარჩენილ ექვს საგზურს ITF-ს ეგიდით ორგანიზებული საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯვებულები და სპეციალური მიწვევის მქონე ჩოგბურთელები გაინაწილებენ), თუმცა, ვინაიდან ლონდონში თითოეული ქვეყნიდან ოთხ მოთამაშეზე მეტი ვერ წავა, ამ რაოდენობას დაახლოებით 5-6 ადგილი კიდევ უნდა დავუმატოთ.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტატიშვილს მიზნის მისაღწევად სადღაც 60-65-ე ადგილებთან მიახლოება სჭირდება, რაც რთული გასაკეთებელი იქნება. ორიენტირისთვის 65-ე პოზიციაზე მყოფი ბერძენი ელენი დანილიდუ ავიღოთ, რომლის აქტივშიც 930 ქულაა, ანას კი, უნგრული მონაგარის მითვლამდე 772 ქულა გააჩნია. მოკლედ, დიდი შანსია, ბუდაპეშტის გრან-პრი ტატიშვილისთვის ლონდონის საგზურისთვის ბრძოლაში, გარდამტეხ ეტაპადაც კი იქცეს.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ დღესვე ტატიშვილი კორტზე კიდევ ერთხელ გავა და წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში უნგრელ კატალინ მაროსისთან ერთად ლატვიელი დეკმეიერესა და რუსი კონდრატიევას დუეტს გაეჯიბრება. პირველ რაუნდში ქართველმა და უნგრულმა ბრძოლას მე-3 განთესვის მქონე უზბეკურ-პოლონური ტანდემი (ანანმურადოვა-როსოლსკა) გამოთიშეს, რისთვისაც ასევე 70 სარეიტინგო ქულა უკვე განაღდებული აქვთ.







