ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში 15 წლის მასპინძელი ეშლი ბარტი 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა და მელბურნული ტურნირის მეორე ეტაპზე თამაშის უფლება კარიერაში პირველად მოიპოვა. ანამ ამ წარმატებისთვის 100 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა, რაც მას კლასიფიკაციაში წინსვლის საშუალებას მისცემს.
ქართულ-ავსტრალიური დაპირისპირება საათსა და 23 წუთს გაგრძელდა და მასში ტატიშვილის უპირატესობა გამოკვეთილი გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბარტი ერთ-ერთ პერსპექტიულ ჩოგბურთელად ითვლება, ესოდენ მაღალ დონეზე საასპარეზოდ მზად არ აღმოჩნდა და მეტწილად სწორედ ბავშვური შეცდომების გამო, სათანადო დონეზე ვერ გაისარჯა.
საბოლოოდ, ავსტრალიელმა 43 (!) უნებლიე შეცდომა დაუშვა (ტატიშვილმა – 17) და მართალია, მოგებული ბურთები ანაზე მეტი (17:13) ჰქონდა, მარცხს ვერ გადაურჩა.
ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 73%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 63% (32 51-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი უჩვეულოდ ბევრი – ბურთების 68% (13 19-დან) მოიგო. ქართველ ჩოგბურთელს ეისი არ მოუწოდებია (ბარტს 7 ეისი ჰქონდა), 1 ორმაგი შეცდომა (მეტოქემ – 6) დაუშვა და საკუთარი მოწოდება სამჯერ (8 შესაძლებლობიდან) დათმო, თავად კი 4-ვე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ჯამში ანამ 76 ქულა მოუგო, ბარტიმ კი – 62.
ახლა, ტატიშვილი ერთ დღეს დაისვენებს, ოთხშაბათს დილით კი მეორე რაუნდში ურთულესი მატჩი ელის. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იქნება, რომელმაც ავსტრალიელ ანასტასია როდიონოვას მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო და 6:2, 6:1 გაანადგურა.
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, მეორე წრეში გასვლით ტატიშვილმა 100 ქულა გამოიმუშავა, რაც იმის მომასწავებელია, რომ განახლებულ რეიტინგში იგი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს. დღეს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში ანა 744 ქულით 83-ე ადგილზე იმყოფება და ეს მის საუკეთესო პოზიციას ერთი საფეხურითღა ჩამორჩება. ავსტრალიური ქულების წყალობით, ტატიშვილს საუკეთესო ოთხმოცეულში შესვლა განაღდებული აქვს.







