ჩოგბურთი

15:54 | 8.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის დასანანი მარცხი

ანა ტატიშვილმა, რომელმაც კანადის ქალაქ მონრეალში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 168 400 დოლარი) ძირითად ბადეში სამი მატჩის მოგების შემდეგ გააღწია, დასანანი მარცხი განიცადა. ქართველმა ჩოგბურთელმა ყაზახეთის სახელით მოთამაშე რუს კსენია პერვაკს არაფერი დაუთმო, თუმცა, 6:7 (6:8), 6:7 (4:7) წააგო.
ტატიშვილმა 4 ეისი ჩააწოდა, 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 14 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა და მოწოდება თავადაც ხუთჯერ დათმო. ჯამში ანამ 96 გათამაშება მოიგო, პერვაკმა კი – 100. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის დაძლევის გამო, 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში მცირე წინსვლა ელის. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ანას კლასიფიკაციაში 79-ე ადგილი უკავია.
წყვილთა ტურნირში ანა სლოვენიელ ანდრეა კლეპაჩთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში ტაივანელი ჩუანგის და ჩინელი ჟანგის დუეტს დაუპირისპირდება. ამ შემთხვევაში, საწყისი წრის დაძლევა 125 ქულას იძლევა.
გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გააღწიეს სოფო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ. პირველ ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ გერმანელი ვერენა შმიდო 6:3, 6:3 დაამარცხა, ხოლო მე-13 რეიტინგის მქონე გორგოძესთან სათამაშოდ კიდევ ერთი მასპინძელი ანა ზაია არ გამოცხადდა.
ძირითად ბადეში ქვაცაბაია ჩეხ რენატა ვორაცოვას დაუპირისპირდება, გორგოძის მეტოქე კი იტალიელი ჯულია მაირი იქნება. წყვილთა ტურნირში ქართველმა ჩოგბურთელებმა რუსი ჩუბაროვა და გერმანელი ენგლემანი 6:1, 6:0 გაანადგურეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ბოსნიელ იუგიჩ-სალკიჩს და ავსტრიელ კლემენშიცს გაეჯიბრებიან.
ბურსას 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იაპონელ იუუკი ტანაკასთან 1:6, 2:6 წააგო თამარ ჭალაგანიძემ. წყვილებში ჭალაგანიძე და ინდოელი ჯოონი ინდოელვე ბავისეტისთან და რუს პუშკევასთან 5:7, 1:6 დამარცხდნენ, ხოლო ბაბილინა მაჩაიძემ და ესპანელმა პარიზას-დიასმა იაპონელი კავასაკი და ავსტრალიელი მიაკიავა 2:6, 6:3, 10:6 დაამარცხეს და მეოთხედფინალში მე-4 ნომრად მიჩნეულ აზერბაიჯანულ-უზბეკურ დუეტს (ფარჰადი-შარიპოვა) გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08491