საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ბრიტანეთში დაგეგმილ AEGON Trophy-ში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 75 ათასი დოლარია. აღსანიშნავია, რომ წლეულს ნოტინგემის ტურნირში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, რის დასტურადაც ერთი ფაქტი გამოდგება – ბრიტანულ ბალახზე ასეულის წევრი ერთბაშად 12 ჩოგბურთელი გაირჯება.
ტატიშვილი მე-5 ნომრადაა განთესილი და ძირითადი ბადის პირველ რაუნდში უნგრელ მელინდა ჩინკს ეთამაშება. ამჟამად, 22 წლის ქართველ გოგონას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგში 873 ქულა გააჩნია და 75-ე ადგილზეა, 29 წლის ჩინკი კი 590 ქულით 116-ეა. ბუდაპეშტელ ჩოგბურთელს საუკეთესო პერიოდი 2009 წლის სექტემბერში ჰქონდა, როდესაც კლასიფიკაციაში 37-ე პოზიციას უწია.
გასულ წლებში ტატიშვილსა და ჩინკს სამჯერ უთამაშიათ და მინიმალური უპირატესობა უნგრელის მხარესაა. 2007 წელს ჩარლსტონში მელინდამ ანას 6:1, 6:3 სძლია, 2008-ში ბოსტონში ტატიშვილი 5:3-ს იგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, 2009-ში კი ჰობარტის ტურნირზე ჩინკმა ქართველი ჩოგბურთელი 6:2, 6:1 დაამარცხა.
ცნობისთვის, ნიტინგემის ტურნირის პირველი ნომერი რეიტინგში 52-ე ადგილზე მყოფი ავსტრიელი ტამირა პაშეკია, რომელთან ერთადაც ტატიშვილი წყვილთა გათამაშებაში გაირჯება. საწყის წრეში ქართველი და ავსტრიელი ამერიკულ დუეტს (ლი-უოტერსი/მულტონ-ლევი) გაეჯიბრებიან.
უზბეკეთის ქალაქ კარშიში დაწყებული 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობს ნათია გეგია. კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში მასპინძელი რანო ნიზამოვა 6:2, 6:1 დაამარცხა, გადამწყვეტ მატჩში კი ნათიას ყირგიზი კსენია პალკინა ელის.
ძირითად ბადეში მე-6 განთესვით ითამაშებს სოფო შაფათავა. მისი პირველი მეტოქე რუსი ეკატერინა იაშინაა. წყვილებში შაფათავა და ბელორუსი სვიატლანა პირაჟენკა მე-4 განთესვის მქონე რუსებს – იმავე იაშინასა და პაშკოვას დაუპირისპირდებიან.
თურქეთში, აგრის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ხუთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს. მარიამ კიკნაძე რუს რომანოვას გაეჯიბრება, ბაბილინა მაჩაიძე – თურქ კაირუნს, თეონა ტატიშვილი – თურქ პაიკოჩს, თამარ ჭალაგანიძე – თურქ აკგულს, ხოლო თამარ ცხაკაია – რუს სიზიკოვას.







