ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ ბიელაში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალური რაუნდი ზედმეტი პრობლემების გარეშე დასძლია. 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ხუთი წლით უმცროს რუს ირინა ხრომაჩევას მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო და 6:2, 6:0 გაანადგურა.
ამ გამარჯვები წყალობით, ტატიშვილმა რეიტინგს 70 ქულა შემატა, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრა დღესვე მოგვიანებით ელის. 14:30 საათზე ცენტრალურ კორტზე თამაშს თამაშს პირველი ნახევარფინალის წევრები – შვედი ლარსონი (მსოფლიოს 92-ე ჩოგანი) და შვეიცარიელი ოპრანდი (87-ე) დაიწყებენ, ამ მატჩის შემდეგ კი, მე-2 ნახევარფინალში, ტატიშვილი იტალიელ ნასტასია ბარნეტს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფ ტატიშვილს ბიელას ტურნირის ფინალში საკმაოდ კარგი შანსი აქვს. ნახევარფინალში მომლოდინე ბარნეტი კლასიფიკაციაში 151-ეა და მართალია, მან მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი ჩეხი ბარბორა ზაჰლავოვა სტრიკოვა (62-ე ჩოგანი) 1:6, 6:3, 6:2 დაამარცხა, ფავორიტად მაინც ქართველი გოგონა უნდა მივიჩნიოთ. მითუმეტეს, რომ ხრომაჩევასთან შეხვედრაში, ანა საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა.
მოკლედ, ტურნირს შემორჩენილი ჩოგბურთელებიდან საუკეთესო რეიტინგი ქართველ ჩოგბურთელს გააჩნია და შემდგომი წინსვლისთვის ბიელას პირველობის მოგება აუცილებელია. შეგახსენებთ, ბიელას ტურნირის ფინალში გასვლა 100 ქულას იძლევა, ხოლო ჩემპიონობა – 140-ს.







