ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში სამი ადგილი დაქვეითდა. ანას აქტივში 832 ქულაა და იგი მსოფლიოს 76-ე ჩოგანია, რაც ცხადია, ქართველთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
გასულ კვირაში ტატიშვილმა ბიელას 100-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლით 100 სარეიტინგო ქულა შეიმატა, თუმცა, ამასთანავე, შარშან კუნეოს ამავე საპრიზო ფონდის მქონე ტურნირის მოგებისთვის დარიცხული 140 ქულა გამოაკლდა და მცირე ვარდნაც ამ ფაქტმა გამოიწვია.
ამჟამად, ქართველი გოგონა იტალიის ქალაქ პალერმოში იმყოფება და ხვალიდან 220-ათასიან ტურნირში ჩაებმება. ანა ძირითად ბადეშია დაშვებული და მისი პირველი მეტოქის ვინაობა საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
სულ WTA-ს კლასიფიკაციაში 9 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 76 (73). ანა ტატიშვილი – 832 ქულა; 223 (201). მაკა ჩახნაშვილი – 264; 347 (303). სოფო შაფათავა – 124; 387 (423). სოფო ქვაცაბაია – 101; 461 (478). თათია მიქაძე – 69; 494 (441). ეკატერინე გორგოძე – 61; 687 (778). ოქსანა კალაშნიკოვა – 31; 694 (703). ნათია გეგია – 31; 973 (999). ანი გოგვაძე – 11;
საფრანგეთში გახლავთ სოფო შაფათავა, რომელიც ბიარიცის 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობს. კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი მასპინძელი კამილ მაისონავე 6:2, 6:4 დაამარცხა.
დასკვნით წრეში სოფო მე-5 რეიტინგის მქონე კიდევ ერთ ფრანგ ამანდინ ჰესეს გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავას და რუს ანგელინა გაბუევას იმავე ჰესესთან და გერმანელ გრაიდეკთან უნდა ეთამაშათ, თუმცა, ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, მეოთხედფინალში უბრძოლველად გააღწიეს.
ბელგიაში იმყოფება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც ცვევეგემის 25-ათასიან ტურნირზე ძირითად ბადეში ითამაშებს. სავარაუდოდ, ქართველ ჩოგბურთელს მე-7 განთესვა ექნება.
თურქეთში, სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში თამარ ჭალაგანიძე ესპანელ ოლგა პარეს ასკოიტიასთან 3:6, 3:6 დამარცხდა. სამაგიეროდ, კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდშია გასული 18 წლის სოფიკო ქაჯაია, რომელიც უკრაინის სახელით თამაშობს. რაც შეეხება ნათია გეგიას, იგი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.







