ჩოგბურთი

16:15 | 30.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე ანა ტატიშვილმა პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 43-ე ჩოგანი ცვეტანა პირონკოვა 1:6, 6:3, 6:1 დაამარცხა და 30 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ანა ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია.
ბუდაპეშტის გრან-პრიზე, რომლის საპრიზო ფონდიც 220 ათასი დოლარია, ბულგარელი ჩოგბურთელი მე-3 ნომრად გახლდათ განთესილი და განახლებულ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში 81-ე პოზიციაზე ანაცვლებულ ტატიშვილთან ფავორიტადაც მოიაზრებოდა.
პირონკოვამ შესაბამისადაც დაიწყო და ქართველ გოგონას პირველი სეტი 6:1 მოუგო, მეორე სეტიდან მოყოლებული კი ანას უპირატესობა გამოიკვეთა და მან საქმე გამარჯვებამდე მოულოდნელად იოლად მიიყვანა. პირონკოვამ ბოლოჯერ მაშინ გაიბრძოლა, როდესაც მე-2 სეტში 1:4-დან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა, მას შემდეგ ერთადერთ გეიმშიღა იმარჯვა და შეხვედრაში, რომელიც საათსა და 45 წუთს გაგრძელდა, დანებებამ მოუწია.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მე-2 ნახევარში ტატიშვილმა მიმდინარე სეზონში ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთი აჩვენა. ანა იშვიათად სცდებოდა და მეტოქე მუდმივ წნეხში ჰყავდა, ბულგარელი კი მხოლოდ დაცვაში “იდგა” და ქულების მოგება ძალიან უჭირდა.
ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 63%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 70% (33 47-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 36% (10 28-დან) მოიგო. ანას ეისი არ მოუწოდებია და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 3 ეისი და 4 ორმაგი ჰქონდა), 9-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 3-ჯერ (10 შესაძლებლობიდან) დათმო. ჯამში ტატიშვილმა 75 ქულა მოიგო, ხოლო პირონკოვამ – 72.
როგორც აღვნიშნეთ, ამ გამარჯვებით ანამ რეიტინგში 30 ქულა შეიმატა, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სატურნირო წინსვლის ჩინებული შანსი აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე უნგრელი ვანდა ლუკაჩია, რომელიც მსოფლიოს 980-ე (!) ჩოგანია. 19 წლის ლუკაჩი ბუდაპეშტის ტურნირზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწვეული და პირველ წრეში ასეთივე სტატუსი მქონე თანამემამულე ჰენრიეტა ჰაბლერს (იგი რეიტინგში საერთოდ არ ფიგურირებს) 6:2, 6:1 სძლია.
შეგახსენებთ, რომ უნგრული ტურნირის მეოთხედფინალისტები 70 ქულას მიიღებს, ნახევარფინალისტები – 130-ს, ფინალისტი – 200-ს, ხოლო გამარჯვებული – 280-ს. იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონის ოლიმპიური ტურნირის ბადის გამოქვენებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება (განთესვა 11 ივნისს გამოსაქვეყნებელი რეიტინგის მიხედვით მოხდება), ტატიშვილისთვის თითოეული გამარჯვება ძალიან ძვირფასია.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე პირდაპირ 56 მოწინავე ჩოგბურთელი ხვდება (დარჩენილ ექვს საგზურს საკვალიფიკაციო მატჩების გამარჯვებულები და სპეციალური მიწვევის მქონე ჩოგბურთელები გაინაწილებენ), თუმცა, ვინაიდან ლონდონში თითოეული ქვეყნიდან ოთხ მოთამაშეზე მეტი ვერ წავა, ამ რაოდენობას დაახლოებით 5-6 ადგილი კიდევ უნდა დავუმატოთ.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ტატიშვილს მიზნის მისაღწევად სადღაც 60-65-ე ადგილებთან მიახლოება სჭირდება, რაც რთული გასაკეთებელი იქნება. ორიენტირისთვის 65-ე პოზიციაზე მყოფი ბერძენი ელენი დანილიდუ ავიღოთ, რომლის აქტივშიც 930 ქულაა, ანას კი, უნგრული მონაგარის მითვლამდე 772 ქულა გააჩნია.  მოკლედ, დიდი შანსია, ბუდაპეშტის გრან-პრი ტატიშვილისთვის ლონდონის საგზურისთვის ბრძოლაში, გარდამტეხ ეტაპადაც კი იქცეს.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დღესვე ქართველი ჩოგბურთელი ბუდაპეშტის თიხნარზე კიდევ ერთხელ გავიდა და უნგრელ კატალინ მაროსისთან ერთად, წყვილთა გათამაშებაშიც წარმატებას მიაღწია. ქართველმა და უნგრელმა მე-3 განთესვის მქონე უზბეკი აკგულ ანანმურადოვა და პოლონელი ალისია როსოლსკა 7:5, 7:6 (7:5) დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს. ტატიშვილისა და მაროსის მომდევნო მეტოქე, ხვალ, ჰრდინოვა-კეოტავონგისა (ჩეხეთი-დიდი ბრიტანეთი) და დეკმეიერე-კონდრატიევას (ლატვია-რუსეთი) მატჩში გაირკვევა.

შვეიცარიის ქალაქ კიასოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს მაკა ჩახნაშვილი, რომელიც ძირითად ბადეშია დაშვებული, მისი მეტოქე კი საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა. თურქულ ანტალიაში 10-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია რუს მარია მოხს გაეჯიბრება.

 

ქართველები WTA-ს რეიტინგში
81 (83). ანა ტატიშვილი – 772 ქულა; 201 (189). მაკა ჩახნაშვილი – 305; 270 (262). სოფო შაფათავა – 193; 381 (372). სოფო ქვაცაბაია – 110; 464 (463). ეკატერინე გორგოძე – 77; 494 (493). ოქსანა კალაშნიკოვა – 70; 495 (493). თათია მიქაძე – 70; 706 (710). ნათია გეგია – 30; 1025 (1031). ანი გოგვაძე – 10;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.082079