მიდლენდის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ, ანა ტატიშვილმა ბელორუს ოლგა გოვორცოვასთან ძალიან წარუმატებლად ითამაშა და მეოთხედფინალური მატჩი 1:6, 3:6 წააგო.
მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მე-7 რეიტინგის მქონე მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაც მოულოდნელი გახლდათ. ანას მიჩიგანური ტურნირის საწყის რაუნდებში სეტიც არ წაუგია, ამჯერად კი, ბელორუსისთვის სათანადო ბრძოლის გამართვა ვერ მოახერხა.
ტატიშვილმა მიდლენდში 36 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, თუმცა, კლასიფიკაციაში რეალურად 18 ქულას შეიმატებს, რადგანაც DOW CORNING TENNIS CLASSIC-ზე ერთი რაუნდის დაძლევა შარშანაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველ გოგონას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 804 ქულით მისთვის სარეკორდო, მე-80 ადგილი უკავია, მიდლენდური მონაგარი კი, შესაძლოა, მას ახალი მიღწევის დაფიქსირებაში დაეხმაროს.
დასასრულ შეგახსენებთ იმასაც, რომ ტატიშვილი მიჩიგანურ ტურნირზე წყვილთა გათამაშებაშიც თამაშობს და ამერიკელ ალექსა გლატჩთან ერთად მეოთხედფინალში გახლავთ გასული, სადაც გვიან ღამით მასპინძლებს – ჰემპტონსა და ოუდინს გაეჯიბრება.







