ჩოგბურთი

21:47 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ბიელას ტურნირის მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ ბიელაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, რითაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 36 ქულა შეიმატა.
მერვედფინალში ტატიშვილის მეტოქე კლასიფიკაციაში 106-ე ადგილზე მყოფი ევა ბირნეროვა გახლდათ, რომელთანაც ანას არანაირი პრობლემა შექმნია. ქართველმა ჩოგბურთელმა ჩეხთან შეხვედრაში საკუთარი მოწოდება ერთადერთხელ წააგო და 6:2, 6:4 იმარჯვა.
მეოთხედფინალში ტატიშვილის მეტოქე ირინა ხრომაჩევა იქნება, რომელიც ბიელას ტურნირზე “უაილდ ქარდით” დაუშვეს, მან კი ორი გამარჯვება იზეიმა – მე-8 ნომრად განთესილ ავსტრიელ მაირთან – 6:4, 6:2 და იტალიელ პაირონესთან – 6:1, 6:1. 17 წლის რუსი ჩოგბურთელი რეიტინგში 214-ე ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს მხოლოდ ორი პოზიციით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ტატიშვილი კლასიფიკაციაში 872 ქულით 73-ე საფეხურზეა და იტალიაში უკვე გამომუშავებული ქულების წყალობით, მცირე წინსვლა გარანტირებული აქვს. თუკი ანამ ხრომაჩევასაც სძლია, აქტივს 70 ქულით გაიმდიდრებს. ისიც ვთქვათ, რომ ბიელას ტურნირის ფინალში გასვლისთვის 100 ქულაა დაწესებული, ჩემპიონი კი 140 ქულას მიიღებს.
საინტერესოა, რომ წყვილთა გათამაშებაში პირველ ნომრად განთესილი ტატიშვილი და სერბეთის სახელით მოთამაშე რუსი ვესნა დოლონცი ხსენებულ ხრომაჩევასა და ფრანგ გარსიას დაუპირისპირდნენ და 3:6, 4:6, 10:12 წააგეს, ასე რომ, ქართველ ჩოგბურთელს რევანშის შანსი ეძლევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.0939