ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა იტალიის ქალაქ გრადოში გამართული 25-ათასიანი გამარჯვებისთვის 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რისი წყალობითაც რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება. განახლებული კლასიფიკაცია საფრანგეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება და ტატიშვილი, რომელიც ამჟამად 152-ე ადგილზე იმყოფება, დაახლოებით, 10 პოზიციას “მოიგებს”.
ტატიშვილს წინსვლის გაგრძელების შანსი მიმდინარე კვირაშიც ექნება, როდესაც იტალიაშივე რომის 50-ათასიან ტურნირში ჩაებმება. ქართველ გოგონას პირველივე რაუნდში მძიმე ბრძოლა ელის. ანას მეტოქე ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილი ავსტრალიელი ელენა დოკიჩი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 115-ე ჩოგანია, 2002 წლის აგვისტოში კი რეიტინგში მე-4 საფეხური ეკავა.
ქართულ-ავსტრალიური შერკინების გამარჯვებული მერვედფინალში იტალიელ დენტონისა და ლუქსემბურგელ კრემერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. წყვილთა ტურნირში ტატიშვილი და არგენტინელი ირიგოენი პირველ ნომრად არიან განთესილნი და პირველ წრეში იტალიურ დუეტს (დენტონი-ვაიდეანუ) გაეჯიბრებიან.
ერთბაშად ხუთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია. ეკატერინე გორგოძესა და სოფო შაფათავას ეს პატივი კვალიფიკაციაში ყოჩაღობის წყალობით ერგოთ, სოფო ქვაცაბაია, მანანა შაფაქიძე და თათია მიქაძე კი პირდაპირ ძირითად ბადეში იყვნენ დაშვებულნი.
საკვალიფიკაციო ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე შაფათავამ საწყისი რაუნდი გამოტოვა, შემდეგ კი ყაზახი ევგენია რეზეპკინა 6:2, 6:0 გაანადგურა. სოფოს მომდევნო მოწინააღმდეგე შვედეთის სახელით მოთამაშე ანა ბრაჟნიკოვა იქნება.
პირველ წრეში დაისვენა მე-3 ნომრად მიჩნეულმა გორგოძემაც, ძირითად ბადეში გადასასვლელ შეხვედრაში კი რუსი ოლგა პანოვა 7:5, 6:3 დაამარცხა. ახლა, ეკეტარინე ძალებს ინდოელ პრერნა ბჰამბრისთან მოსინჯავს.
სოფო ქვაცაბაიას პირველი მეტოქე ყირგიზი ბერმეტ დუვანაევა იქნება, მანანა შაფაქიძე უზბეკ ალისა ოგოროდოვას გაეჯიბრება, ხოლო თათია მიქაძე კიდევ ერთ მასპინძელ ლოლა აზიმოვას ეთამაშება.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია უზბეკურ-ყირგიზულ ტანდემს (კოლესნიჩენკო-პალკინა) დაუპირისპირდებიან, ხოლო მე-4 ნომრად განთესილი მიქაძე და შაფათავა შაფაქიძისა და რუსი კულიკოვას დუეტის დამარცხებას ეცდებიან.
აქვე დავძენთ, რომ ბუხარას ტურნირში კიდევ ორი ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. “რუსმა” ნათელა ძალამიძემ ძირითად ბადეში გასვლა შეძლო, “უზბეკმა” ქრისტინა ბენაშვილმა კი საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა ვერ მოახერხა.
სლოვენიის ქალაქ მარიბორში იმყოფება საქართველოს მე-2 ჩოგანი ოქსანა კალაშნიკოვა. ქართველი ჩოგბურთელი 50-ათასან ტურნირში პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმება.









