ძიუდო

12:29 | 5.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატალაშვილი ოქროს შეუტევს, სტამი - ბრინჯაოს

 

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველ ძიუდოისტს ნუგზარ ტატალაშვილს ულან ბატორის გრან პრის ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი ესტერ სტამი (70 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს.

მონღოლურ ტატამზე დღეს მედლების ოთხი კომპლექტი უნდა გათამაშდეს. საქართველოს დროშის ქვეშ სულ სამმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ორი მათგანი საღამოს ბლოკშიც მოირგებს კიმონოს. ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) კი ტურნირს წინასწარი ეტაპიდანვე გამოეთიშა, მერვედფინალში სამხრეთკორეელ ვონ გი იანგთან სუფთად წაგებით.

იანგზე თანაგუნდელის ჯავრი ნუგზარ ტატალაშვილმა ნახევარფინალში იყარა – მეტოქეს ოთხ წუთში ყველა შეფასების ილეთი შეუსრულა. ამ შეხვედრამდე ტატალაშვილმა თურქი ჰასან ვანლიოღლუ იპონით ჩამოიშორა, ხოლო ჩრდილოკორეელ ჰიონ ჰონგ კუკს შიდოებით აჯობა (3:1).

ფინალში ქართველი ძიუდოისტი გრან პრიზე პირველ ნომრად განთესილ მონღოლს, მსოფლიოს ჩემპიონსა (2009 წელს, 66 კილოგრამში) და ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ (2004 წელს, 60 კილოგრამში) ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს დაეჭიდება.

ესტერ სტამმა ტურნირი იაპონელი რუი ტაკაჰაშის ძლევით გახსნა - საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა მეოთხედფინალის საგზური ვაზარით მოიპოვა. იქ კი ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან თანაბარ ბრძოლაში იუკოთი დამარცხდა და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო.

ბრინჯაოს ნახევარფინალში სტამმა ბრაზილიელი ნადია მერლი წუთნახევარში შებოჭა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ გულნოზა მატნიაზოვას დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, გრან პრის ჩემპიონობა 300 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი 180 და 120 ქულას გამოიმუშავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100657