ინტერვიუები

10:32 | 23.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

თარხნიშვილი “შერიფს” “ხუთიანს” არ უწერს

თუ აქამდე ტირასპოლის “შერიფი” მეტწილად პოსტსაბჭოურ სივრცეში იყო ცნობილი, მიმდინარე წელს ევროპის ლიგაში მოხვედრით, მოლდოველებმა “ბებერი კონტინეტის” საფეხბურთო სამყაროს თავი გაცილებით უკეთ გააცნეს. ტირასპოლელებმა, ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” ორმატჩიან დუელში მარცხის შემდეგ, ავტომატურად მოიპოვეს ადგილი ევროპის ლიგის ჯგუფში, სადაც თავი არ შეურცხვენიათ. მეტიც, “შერიფმა” საკუთარ მოედანზე ჰოლანდიის “ტვენტეს” მოუგო და რუმინეთის “სტიაუას” ორივე შეხვედრაში დაუზავდა. ერთადერთი, ვისთანაც მოლდოველებმა ქულა ვერ აიღეს თურქეთის “ფენერბახჩე” იყო. საბოლოოდ, “შერიფმა” ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ბუქარესტელებს აჯობა, ხოლო 1/16-ფინალში “ფენერბახჩე” და “ტვენტე” გაუშვა. განვლილ მატჩებში, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, გუნდს ქართველი ცენტრალური მცველი ვაჟა თარხნიშვილი კაპიტნობდა, რომელთან კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ მომზადებულ ინტერვიუსაც გთავაზობთ.    
- მიმდინარე წელიწადი, საფეხბურთო კლუბ “შერიფისთვის”, მოვლენების მხრივ ძალიან დატვირთული იყო. ყველაზე მეტად, 2009 წლის რომელი მომენტები დაგამახსოვრდათ?
- “შერიფისთვის” 2009 წელი წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენ თანამეგობრობის თასი, მოლდოვის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ. ცხადია, ყველაზე მეტად, ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის ლიგაში გამოსვლა დაგვამახსოვრდა. სამწუხაროდ, წელიწადის მაჟორულ ნოტაზე დასრულება ვერ შევძელით, რამაც დაგვამწუხრა.
- მას შემდეგ, რაც “შერიფმა” სამ ტურნირში გაიმარჯვა, გქონდათ წინათგრძნობა, რომ წარმატებას ევროპაშიც მიაღწევდით?
-  ყოველ წელიწადს იმედი მქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს, “შერიფი” ევროპაში “გაისროდა”. წლეულს ისე მოხდა, რომ ევროტურნირებზე წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი გუნდის მჯეროდა და მის რიგებში დღემდე ამიტომ ვთამაშობ.
- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე ერთი ნაბიჯი დაგაკლდათ. ძალიან იმედგაცრუებული იყავით, თუ ევროპის ლიგის ჯგუფში ავტომატურად ადგილის დაკავებამ, მარცხით გამოწვეული ნაღველი გაგიქარვათ?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლა გვსურდა. თუმცა, ევროპის ლიგაში ჩვენს მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ვთვლი, რომ “შერიფს” კარგი დებიუტი ჰქონდა. ეს ტურნირიც მაღალი დონისაა, ვინაიდან ევროპული ფეხბურთის გრანდები გამოდიან.
- მას შემდეგ, რაც ევროპის ლიგის “H” ჯგუფში ყველა გუნდს შეხვდით, მეტოქეების შესახებ რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- “შერიფმა” ისეთ დონეს მიაღწია, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერ მეტოქესთან თამაში თანაბარ დონეზე შეგვეძლო. ამის დასტური იყო, “ფენერბახჩესთან”, “ტვენტესთან” და “სტიაუასთან” ჩატარებული შეხვედრები, რომელიც ბევრმა გულშემატკივარმა იხილა. ზოგიერთ მატჩში ცოტა იღბალი და ოსტატობა არ გვეყო, მაგრამ საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ღირსეულად გამოვედით. აქამდე, მხოლოდ პოსტსაბჭოურ სივრცეში გვიცნობდნენ, ახლა კი ევროპაშიც იციან, რომ “შერიფი” კარგი კლუბია.
- თუ იყო შეხვედრები, რომლებშიც გული დაგწყდათ, რომ იმის გაკეთება ვერ მოახერხეთ, რაც შეგეძლოთ?
-  თითოეულ მატჩში ჩვენი ამოცანა გამარჯვება იყო. როდესაც ამას ვერ ვახერხებდით, ტრაგედიად აღვიქვამდით. ყოველთვის მაქსიმალურ ამოცანებს ვისახავთ და ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება გვსურდა, მისი დონის მიუხედავად. ჯგუფიდან ვერგასვლა, ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო.
- ევროთასებზე მიღებული გამოცდილების შემდეგ, თქვენი აზრით, “შერიფის” ფეხბურთელთა დონე რამდენად გაიზარდა?
- ევროპაში ჩატარებული თითოეული შეხვედრის შემდეგ, მოთამაშეთა ოსტატობა იზრდება. ჩემპიონთა ლიგაში და ევროპის ლიგაში გამოსვლა, “შერიფის” ბევრი ფეხბურთელისთვის ამოსავალი წერტილი გახდა. ვფიქრობ, მომავალ წელს, ისინი ასეთი დონის ტურნირზე თავს კიდევ გამოიჩენენ.
- წლეულს “შერიფის” გამოსვლას ხუთბალიანი სისტემით თუ შეაფასებთ, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ გუნდმა ხუთიანზე ითამაშა?
-  ვერ დავეთანხმები, რადგან დასახული მიზნის შესრულება - ევროპის ლიგის ჯგუფიდან გასვლა, - ვერ მოვახერხეთ. “შერიფის” ფილოსოფიიდან გამომდინარე, კლუბი ყოველთვის მაქსიმალურ მიზნებს ისახავს. ჯგუფში ის ადგილი უნდა დაგვეკავებინა, რომელიც ევროპის ლიგის 1/16-ფინალში გასვლის საშუალებას მოგვცემდა. ვერ გეტყვით რა ნიშანი გვეკუთვნის, მაგრამ მაქსიმალური ნამდვილად არა.
- მომავალ წელს, გუნდი რა მიზანს ისახავს?
- თამასა ისეთ სიმაღლეზე ავწიეთ, რომელზე დაბლა დაშვებაც არ შეიძლება. კლუბში ყველას კარგად ესმის, რომ სულ სხვა დონეზე გავედით, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, რათა განვითარება გავაგრძელოთ. საჭიროა, ყოველ წელიწადს მოვუმატოთ, რათა ევროპაში კარგად გაგვიცნონ.
- ტრიბუნაზე მოსულმა გულშემატკივრებმა თუ გაგახარეს?
-  გაგვახარეს, მაგრამ სასურველია, რომ მხარდაჭერა ყოველ შეხვედრაში ვიგრძნოთ. ჩვენ ვნახეთ, შედეგის მიუხედავად თურქეთში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში როგორ ქომაგობენ საკუთარ გუნდს – პირველიდან ბოლო წუთამდე. რამდენიმე შეხვედრაში, გულშემატკივრები ჩვენ ზოგიერთ ფეხბურთელს სტვენით შეხვდნენ, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. თუმცა, ეს ყველას არ ეხება. იმედი მაქვს, რომ ქომაგი გამიგებს და მომავალ წელს მათი დამოკიდებულება შეიცვლება.

მომზადა ლაშა თაბაგარმა

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08963