ფეხბურთი

14:03 | 1.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

თარგამაძემ და გოგუამ გაიტანეს, მაკარიძე კვლავ ძირითადშია

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში, დავით თარგამაძემ დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” შეხვედრაში ანგარიში კი გახსნა, მაგრამ საქართველოს ნაკრების გარემერბის გარჯა საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ, “ოლექსანდრია” 1:5 დამარცხდა. 25-ე წუთზე თანაგუნდელის პასის მერე, თარგამაძე მოედნის ცენტრიდან გაიქცა, ჯერ სისწრაფეში მეტოქის მცველი დაჩაგრა, შემდეგ გვერდი კარიდან გამოსულ “დნიპროს” კიპერსაც აუარა და თანაგუნდელები დააწინაურა. თუმცა, მატჩის დარჩენილ დროში გოლები მხოლოდ დნეპროპეტროვსკელებს გაჰქონდათ. თარგამაძემ მოედანზე ორივე ტაიმი დაჰყო. მიმდინარე სეზონში მან 12 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. “ოლექსანდრიას” 10 ქულა აქვს და უკრაინის 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-12 პოზიციაზეა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-8 ტურში, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” პრინციპულ შეხვედრაში გათამაშების ლიდერი “ხაზარ ლენქორანი” 1:0 დაამარცხა.
ბაქოელთა რიგებში მყოფი ქართველი ლეგიონერებიდან სრულად ითამაშეს მეკარე გიორგი ლომაიამ და მცვლებმა – ილია კანდელაკმა და ვალერი აბრამიძემ, ხოლო ფორვარდი ბაჩანა ცხადაძე სათადარიგოებში ჯდომით შემოიფარგლა. შეგახსენებთ, რომ “ინტერში” ცხადაძის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძეა. გამარჯვების შემდეგ ბაქოელებმა 14 ქულა დააგროვეს და გათამაშების 12-გუნდიან ცხრილში მესამე პოზიციაზე არიან.
წინა ტურში გაძევებული გიორგი ადამიას გარეშე მოთამაშე აგდამის “ყარაბახმა” საკუთარ მოედანზე თოვუზის “თურანი” 3:1 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ნახევარმცველმა ალექსანდრე გოგობერიშვილმა და ფორვარდმა გიორგი ბერიაშვილმა სრულად ითამაშეს, საყრდენი ნახევარმცველი ზურა ძამსაშვილი კი, 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. “ყარაბახი” 13 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “თურანს”, სადაც ფინანსური მდგომარეობა ჯერაც არ გამოსწორებულა, 6 ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.
ბაქოს “რავანმა” გასვლაზე “გაბალა” 3:2 დაამარცხა, გამარჯვებულთა შორის ნახევარმცველი გიორგი გულორდავა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “რავანმა” 9 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზეა.
უნგრეთის NBI (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, “დიორ ეტომ”, სადაც რატი ალექსიძე გამოდის, “კეჩკემეტს” უმასპინძლა და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ქართველი თავდამსხმელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გოლი არ გაუტანია. ის 71-ე წუთზე შეცვალეს. “დიორს” 28 ქულა აქვს და 16-გუნდიან NBI-ს ლიდერობს.
საფრანგეთის ლიგა 2-ში “ისტრთან” სტუმრად 2:1 მოიგო “ლე მანმა”, რომლის კარში კვლავ გიორგი მაკარიძე იდგა. 10 ტურის შემდეგ, “ლე მანს” 9 ქულა აქვს და საფრანგეთის 20-გუნდიან ლიგა 2-ში მე-18 ადგილზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა უსტ-კამენოგორსკის “ვოსტოკმა”, რომლის რიგებშიც ოთარ ხიზანეიშვილი გამოდის, ბოლო წამებზე გამოგლიჯა გამარჯვება “ტარაზს” – 2:1. ქართველმა მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გამარჯვების მიუხედავად, “ვოსტოკი” ყაზახეთის 12-გუნდიან პრემიერლიგაში ბოლო ადგილზეა.
უკრაინის პირველი ლიგის ლიდერმა, უჟგოროდის “ზაკარპატიამ”, რომლის ღირსებასაც ლაშა ჯაკობია იცავს, ზაპოროჟიეს “მეტალურგს” სტუმრად დაუზავდა – 1:1. ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, მოედნიდან გასვლამდე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ის მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ გაიტანა. 13 ტურის შემდეგ, “ზაკარპატია” 18-გუნდიან პირველ ლიგას სათავეში 34 ქულით უდგას.
“სევასტოპოლმა” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო 2”-ს 1:0 აჯობა და მასპინძლებში ქართველი მცველი მათე ღვინიანიძე შეუცვლელი იყო. “სევასტოპოლს” 25 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.
რუსეთის პრემიერლიგის დუბლშემადგენლობათა 26-ე ტურში, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგამ” შინ პერმის “ამკარს” 3:1 აჯობა. “ვოლგას” დუბლებს დაუბრუნდა გოგიტა გოგუა, რომელმაც წინა მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით ვერ ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-5 წუთზე ანგარიში გახსნა – თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა. გოგუა 72-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 10 წუთის მერე შეცვალეს. “ვოლგას” დუბლებში არ უთამაშია გოჩა ხოჯავას, რომელიც ტრავმირებულია და ასევე, არ გამოჩენილა ლაშა სალუქვაძე. შეგახსენებთ, რომ სამივე ქართველი ნიჟნინოვგოროდელთა ხელმძღვანელობამ გარკვეული ხნის წინ პირველი გუნდიდან სარეზერვოში დააქვეითა.
 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099998