რომი ძიუდოისტთა მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირში, რომელიც ქართულ გეგმაში ვერ მოხვდა, 39 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს – ორ ოქტომბერს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ძიუდოს ფავორიტმა ქვეყნებმა რომში გადახალისებული შემადგენლობები იახლეს, თუმც ამის მიუხედავად, ტატამზე რამდენიმე სახელოვანი ძიუდოისტი მაინც გამოჩნდა. პირველ ყოვლისა, უბერებელი იაპონელი ტადაჰირო ნომურა (60 კგ) უნდა ვახსენოთ. ატლანტის (1996), სიდნეისა (2000) და ათენის (2004) ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი კარიერის დასრულებას არ ჩქარობს და ნაკრებში დაბრუნებას და 36 წლის ასაკში, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ჭიდაობას აპირებს, მაგრამ საეჭვოა, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.
ნომურა ძველებურ ფორმაში ჩადგომასა და დიდების დღეების დაბრუნებას რომ ვეღარ შეძლებს, ათენის ოლიმპიადის შემდეგ რამდენჯერმე გამოჩნდა. დღეს კი უხვტიტულა სპორტსმენი რომის ტატამზეც შერცხვა. ერთადერთი, რამაც შეიძლება ოდნავ დაამშვიდოს, ისაა, რომ მე-2 წრეში მისი მძლეველი ბრაზილიელი ფელიპე კიტადი ვერც სხვა მეტოქეებმა შეაჩერეს და ოქროს მედალს დაეუფლა.
66 და 73 კილოგრამებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამხრეთკორეელი ძიუდოისტები ავიდნენ და თავიანთი ნაკრები პირველი დღის გუნდურ ჩათვლაში დააწინაურეს. სამ ოქტომბერს ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
ძიუდო. მსოფლიოს თასი
რომი. 2 ოქტომბერი
60 კგ
1 ფელიპე კიტადი (ბრაზილია)
2 ვონ-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ბრენო ალვეში (ბრაზილია)
3 პაველ პეტრიკოვი (ჩეხეთი)
66 კგ
1 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
2 პიერ დუპრა (საფრანგეთი)
3 დმიტრი დრაგინი (საფრანგეთი)
3 სერგეი დრებოტი (უკრაინა)
73 კგ
1 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
2 ბრუნო მენდონსა (ბრაზილია)
3 რიო საიტო (იაპონია)
3 ტომაშ ადამიეკი (პოლონეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







