საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ეგვიპტის ქალაქ ქაიროში გამართული ფედერაციის თასის ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფის გათამაშება სრული ტრიუმფით დაასრულა და I ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვა, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ქართველი ჩოგბურთელების დამრიგებელმა ლალი ზერეკიძემ ეგვიპტეში მხოლოდ სამი გოგონა – ანა ტატიშვილი (მსოფლიოს 85-ე ჩოგანი), სოფო შაფათავა (267-ე) და სოფო ქვაცაბაია (377-ე) იახლა, თუმცა, ამ ტრიომ მიზანს ზედმეტი პრობლემების გარეშე მიაღწია.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მიყოლებით დაჯაბნა ნორვეგიის (3:0), ლატვიისა (2:1) და თურქეთის (3:0) გუნდები, გადამწყვეტი კი ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ქართველებმა A ჯგუფის მეორეადგილოსანი მოტენეგრო 3:0 გაანადგურეს.
ექს-იუგებთან დაპირისპირება სოფო შაფათავასა და ვლადიცა ბაბიჩის მატჩით გაიხსნა, რომელიც ქართველმა ჩოგბურთელმა 6:2, 6:3 მოიგო. მე-2 შეხვედრაში ტატიშვილმა მონტენეგროელთა ერთადერთი რეიტინგოსანი მოთამაშე დანკა კოვინიჩი (358-ე) 6:2, 6:2 დაამარცხა, წყვილებში კი შაფათავამა და ქვაცაბაიამ ბაბიჩსა და მილიცა სლიუკიჩს 6:3, 6:4 სძლიეს.
მე-2 ნახევარფინალში თურქეთმა სამხრეთ აფრიკას ასევე 3:0 მოუგო და ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში ქართველებთან ერთად აღზევდა. საქართველომა და თურქეთმა ზედა დონეზე ესტონეთი და საბერძნეთი ჩაანაცვლეს და მომავალ წელს მეტოქეებად ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია, ისრაელი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჰოლანდია, ლუქსემბურგი და მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი-ოფებში დამარცხებული ორი გუნდი ეყოლებათ.







