ფეხბურთი

23:33 | 8.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

Sport.ua: ისევ დაუშვილის საქმეზე

უკრაინულმა Sport.ua-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ბუბა დაუშვილის “ზესტაფონიდან” “კარპატიში” გადასვლის თემაზე – ამაზე უკვე არაერთხელ დაიწერა, თუმცა ამჯერად უფრო ვრცლადაა მოთხრობილი ის ამბავი, რაც ლვოვის კლუბმა ჩაიდინა ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.
Sport.ua-ს სტატია:
“ევროპულ საზოგადოებაში სიტყვა “უკრაინა” ორ ნეგატიურ ასოციაციას იწვევს: ჩერნობილის ტრაგედიასა და კორუფციას. ევროპელთა აზრით, უკრაინაში კორუფცია ყველა სფეროშია და მათ შორის, ფეხბურთშიც. გარიგებული მატჩები, ჯიბის მსაჯები, ფეხბურთელთა კონტრაქტებში არასწორად ჩარევა...
ლვოვის “კარპატი” ჯერ “მეტალისტთან” მატჩის შესაძლო გარიგებაში “შეამჩნიეს”, შემდეგ საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ჰქონდათ დავა სერგეი კუზნეცოვთან, არტიომ ფედეცკისთან და ერიკ პერეირასთან, ხოლო ბოლო პერიოდში კიდევ ერთი არასასიამოვნო სიტუაცია შეექმნათ, რის გამოც, შესაძლოა, ფიფაში გადავიდეს საქმე.
კერძოდ, ეს ეხება ქართველი დაუშვილის “ზესტაფონიდან” “კარპატიში” გადასვლას, რომელმაც სრულიად წარმოუდგენელი ხასიათი მიიღო. დაუშვილი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება. “ზესტაფონში” 2005-დან 2012 წლამდე იყო და ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა, ახლა კი მთავარი ნაკრების წევრია. თავის დროზე საუბრობდნენ მოსკოვის “სპარტაკისა” და სხვადასხვა ევროპული გუნდებისგან ინტერესზე, თუმცა ახალგაზრდა ქართველი “კარპატიში” აღმოჩნდა. დაუშვილი საქართველოს უმაღლეს ლიგაში მორიგ სეზონს ასრულებდა, “ზესტაფონთან” ხელშეკრულება იწურებოდა და აშკარა იყო, რომ დაუშვილი გაცილებით ძლიერ ჩემპიონატში მოხვდებოდა.
ყველაზე მეტად “კარპატიმ” იაქტიურა, რომლებმაც “ზესტაფონთან” კონტრაქტის დასრულებამდე თითქმის 5 თვით ადრე გაუფორმეს 4-წლიანი  წინასწარი ხელშეკრულება ფეხბურთელს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართულ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, დაუშვილი კარპატელთა სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა “კარპატის” არაოფიციალურ საიტზე 2011 წლის 20 აგვისტოს.
ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელი ლვოვის კლუბს უფასოდ უნდა წაეყვანა, თუმცა არსებობს ერთი “მაგრამ”. ფიფას კანონებით, “ზესტაფონს” კომპენსაცია ეკუთვნოდა მოთამაშის გაზრდისთვის – რადგან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადიოდა და 23 წლამდე სწორედ “ზესტაფონში” გახლდათ.
ფიფას უკრაინის ჩემპიონატის კლუბები მეორე კატეგორიაში ჰყავს, ამდენად, “კარპატი” ვალდებული იყო, ფეხბურთელის გამზრდელი კლუბისთვის იმდენჯერ 60000 ევრო გადაეხადა, რამდენი წელიც ფეხბურთელმა გაატარა “ზესტაფონში”. დაუშვილი 6 წლისა და ოთხი თვის განმავლობაში იყო “ზესტაფონში” რეგისტრირებული, ამიტომაც ქართულ კლუბს, წესით, 380000 ევრო უნდა მიეღო.
ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელის მიმღები კლუბი ვალდებულია, მის ყოფილ კლუბთან თავად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საკომპენსაციო თანხის გადახდაზე, თუმცა “კარპატი” ჩუმად იყო და “ზესტაფონი” იძულებული გახდა. მათთვის ოფიციალური წერილით მიემართა – წერილში “ზესტაფონი” 360000 ევროს ითხოვდა, ანუ 20000 უკრაინული კლუბის საპატივისცემოდ დააკლო.
შემდეგ კი იყო ისტორია, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება. 2012 წლის 7 თებერვალს “კარპატის” ხელმძღვანელობა ქართულ კლუბს ოფიციალურად პასუხობს, რომ კომპენსაციის გადახდას არ აპირებს და მხოლოდ 50000 დოლარს გადაუხდის უახლოეს 10 დღეში! “კარპატიმ” “ზესტაფონს” ასეთი “მიმზიდველი” წინადადება შესთავაზა და ქართულ კლუბს ისიც შეუთვალა, რომ თუ არ დათანხმდებოდნენ, იმ 50000 დოლარსაც არ გადაიხდიდნენ და თავად ფეხბურთელს მანამდე არ  დაარეგისტრირებდნენ, სანამ 23 წლის არ გახდებოდა.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ლვოველებს დაუშვილი ძალიან სჭირდებოდათ და სულაც არ აპირებდნენ დაუშვილის დაბადების დღემდე მოცდას. ასეთია დასკვნა, რადგან მალევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ტრანსფერის მოთხოვნის ფურცელი გაიგზავნა საფეხბურთო კლუბ “ლვოვისგან”, რომელიც უკრაინის პირველ ლიგაშია. “ლვოვისგან”, რომელთანაც, როგორც ჩანს, ფეხბურთელს 2012 წლის 10 თებერვალს გაუფორმებია ხელშეკრულება! 29 თებერვალს კი დაუშვილი “ლვოვიდან” იჯარით “კარპატიში” გადავიდა, სადაც ახლაც თამაშობს.
ასეთი გაიოლებული მეთოდით, “კარპატიმ” პასუხისმგებლობა “ლვოვს” გადააბარა, რომელიც უეფას სატრანსფერო სიაში მესამე კატეგორიაშია (როგორც არაუმაღლესლიგელი) და ყოფილ კლუბს ფეხბურთელის ყოველწლიური გაზრდისთვის 30000 დოლარი უნდა გადაუხადოს. ცნობილია, რომ “ლვოვის” სატურნირო მდგომარეობა კლუბის ხელმძღვანელობას ლეგიონერების დამატებაზე ზრუნვის საფუძველს არ აძლევს და ფინანსური კუთხითაც არ არიან შესსაშურ სიტუაციაში. შესაძლოა, დაუშვილთან ხელმოწერით, “ლვოვმა” თანხის გამომუშავება გადაწყვიტა, თუმცა როგორც კონტრაქტში წერია, ამ კლუბმა 6000 უკრაინული გრივნა მიიღო უფლებების გადაბარების გამო. მინუს, გადასახადები და აღმოჩნდა, რომ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღებმა “ლვოვმა” დაახლოებით 500 დოლარი გამოიმუშავა.
ამასწინდელ ინტერვიუში დაუშვილმა თქვა, რომ შეგნებულად გააფორმა კონტრაქტი “ლვოვთან”, რადგან “კარპატი” ვერ ურიგდებოდა “ზესტაფონს”. ამასთან, დაუშვილმა უარყო ინფორმაცია, თითქოს “კარპატისთან” როდესმე წინასწარი ხელშეკრულება გაეფორმებინოს – ყველაფერი ზეპირი შეთანხმებით შემოიფარგლებოდაო.
სიტუაციის გასარკვევად, უკრაინაში “ზესტაფონის” ინტერესების დამცველ ილია სკოროპაშკინს დავუკავშირდით, რომელმაც პრობლემის არსში გაგვარკვია:
“ამჟამად “ზესტაფონი” ფიფას სადავო პალატაში შესატან დოკუმენტებს აგროვებს. ჩვენს მიერ შეგროვებული დოკუმენტები უკვე გვაძლევს თავდაჯერების საბაბს. გვჯერა, საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. მხოლოდ, უკრაინული მხარის გონიერების იმედი გვაქვს, რადგან ფიფაში არასწორი  ინფორმაციების მიწოდების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიურად შეუტრიალდებათ საქმე. ეს ეხებათ როგორც უკრაინულ კლუბებს, ასევე ფეხბურთელსაც. საინტერესოა ისიც, რომ “კარპატიმ” წინასწარი კონტრაქტის კვალის განადგურება დაიწყო. 2012 წლის იანვრიდან დაწყებული, რაც კი “კარპატის” საიტზე დაუშვილის შესახებ სიახლეები გამოქვეყნებულა, გადასწორებულია. “გუნდის ახალწვეული” გადაიქცა “პოტენციურ ახალწვეულად”. საბედნიეროდ, ეს სიახლეები სხვა საიტებმა გადააკოპირეს და პირველადი ინფორმაციების მიღება თავისუფლად შესაძლებელია. წინასწარი კონტრაქტი თუ არ ყოფილა, რაში დასჭირდათ ეს გადასწორებები”?
“კარპატის” წარმომადგენლები დაუშვილთან დაკავშირებულ სიტუაციაზე არაფერს ამბობენ. კორესპონდენტი ვერც კლუბის გენერალურ დირექტორ იგორ დედიშინს დაუკავშირდა – მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

P.S. ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ დაუშვილი ჯერ კიდევ 10 თებერვლამდეა მოხსენიებული “კარპატის” ახალწვეულად. ამ სურათებზე კი “კარპატის” საიტის გვერდებია ასახული, რომლებზეც შემდეგ ტექსტები გადასწორდა.

 

ილია ნანობაშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092692