საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ”მშვიდობისთვის”, მორიგი ანტისაომარი გრანდიოზული აქცია ჩაიფიქრა, რომელშიც, ორგანიზაციის მესვეურების დიდი სურვილია, რომ ცნობილმა სპორტმენებმაც მიიღონ მონაწილეობა. საუბარია ერთობლივ სიმღერაზე (დაახლოებით ისეთზე, რომელიც თავის დროზე მაიკლ ჯექსონის ინიციატივით მსოფლიოში ცნობილმა მომღერლებმა აფრიკელ ბავშვებს მიუძღვნეს), რომელიც ანტისაომარი რიტორიკით იქნება განმსჭვალული და ამ სიმღერას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ადამიანები იმღერებენ.
სპეციალური მოსაწვევი და თხოვნა იმის შესახებ, რომ ზემოთ აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა მიიღონ, უკვე გაუგზავნეს ცნობილ მეგოლფე ტაიგერ ვუდსს, კალათბურთელ რეჯი მილერსა და ფეხბურთელ ლეო მესის. ჯერჯერობით უცნობია, გამონახავენ თუ არა დროს ეს ადამიანები სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მშვიდობის მქადაგებელი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იმასაც ამბობენ, რომ სიმღერის ტექსტი და სტრუქტურა იმდენად ზუსტადაა განაწილებული, რომ სულაც არაა აუცილებელი, კონკრეტული ადამიანის მხრიდან რომელიმე ამერიკულ ხმისჩამწერ სტუდიაში მისვლა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”მშვიდობისთვის” თანამშრომლები სურვილის შემთხვევაში ცნობილ ადამიანებს სახლში ეწვევიან და ასე ჩაწერენ იმ სიტყვებს, რაც მათგან სჭირდებათ. შემდეგ კი კომპიუტერულად დაამუშავებენ და ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ მიხვდები ეს ადამიანები საკუთარ სახლში მღერიან თუ სადმე სხვაგან.




