თურქეთში, მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ცხინვალის „სპარტაკმა“ რუმინულ ბრაშოვის „კორონასთან“ გამოუყენებელი პენალტისა და 0:1 მარცხის შემდეგ, ანთალიაში, რიგით მეორე მატჩი გამართა. კახი კაჭარავას გუნდი ამჯერად კრაგუევაცის „რადნიჩკის“გაეჯიბრა, რომელიც სერბეთის 16–გუნდიან სუპერ ლიგაში, პირველი წრის შემდეგ მე–12 ადგილზეა.
სანამ უშუალოდ მატჩზე გეტყვით, ორიოდ სიტყვით, მეტოქეზე შეგიქმნით წარმოდგენას. „რადნიჩკის“, იუგოსლავიის ოლიმპიური ნაკრებისა და ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი მეკარე რადმილო ივანჩევიჩი წვრთნის, რომელიც ამ გუნდამდე ქუვეითის ჯერ ეროვნულ, შემდეგ კი ოლიმპიურ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. გარდა ამისა, ასისტენტი იყო ესპანურ „ოვიედოში“, 1995–98 წლებში კი სულაც მადრიდის „ატლეტიკოს“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. ასევე, „ელ ქუვეითის“, „კვიპროსულ „ლარნაკასა“ და ბერძნულ „ატრომიტოოსს“ წვრთნიდა. „რადნიჩკი“ კი გასული წლის ივნისში ჩაიბარა. კრაგუევაცელთა გუნდში სერბეთის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დუშან პეტრონიევიჩი ასპარეზობს, „რადნიჩკიში“ თამაშობს სერბეთის 19–წლამდელთა ნაკრების 3 ფეხბურთელიც: ლაზარ როზიჩი, ივან პეტროვიჩი და მარკო ადამოვიჩი.
კრაგუევაცელთა გუნდი რამდენიმე დღეა ანთალიაში, სიდეში ემზადება და ცხინვალელები „რადნიჩკისთან“ სათამაშოდ, ლარადან ერთი საათის სავალზე მდებარე სიდეში ჩავიდნენ. „სპარტაკამდე“ რადმილო ივანჩევიჩის გუნდმა თურქეთში ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. სერბები ავსტრიულ ლასკის „ლინცთან“ 3:4 დამარცხდნენ.
„რადნიჩკისთან“ მატჩს „სპარტაკი“ კვლავ დანაკლისით შეხვდა, მეკარე სოსლან ნანიევს მუხლის, ხოლო ნახევარმცველ ვაკო ტყემალაძეს აქილევსის მყესის ტრავმის გამო, კვლავ არ შეუძლიათ თამაში. ამ ორი ტრავმირებული ფეხბურთელისა და მესამე მეკარე, შოთა გოგიაშვილის გარდა, კახი კაჭარავამ ყველა ფეხბურთელი ათამაშა...
„რადნიჩკისთან“ მატჩი კარგ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ცხინვალელები დომინირებდნენ, მაგრამ, როგორც წინა მატჩში, „სპარტაკელები“ ამჯერადაც დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ. 90 წუთის განმავლობაში, არაერთი ისეთი ეპიზოდი იყო, როცა კაჭრავას ბიჭებმა მეტოქეს ბურთი დაუმალეს. თითო ტაიმში თითო რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ შემტევ თორნიკე თუხარელსა და ფორვარდ ირაკლი ეხვაიას, მაგრამ ამ ოთხი შანსიდან შიდაქართლელებმა ვერცერთი ვერ გამოიყენეს. კრაგუევაცელებს კი ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდათ და იხეირეს კიდეც. მე–16 წუთზე, 35 წლის ნახევარმცველ რადოვან კრივოკაპიჩის მიერ ჩაწოდებული კუთხურისას, 24 წლის ტანმაღალმა (197 სმ.) მცველმა ვლადიმირ ბუბანიამ ყველას დაასწრო და ამ მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა.
ცხინვალელები 7 თებერვალს ორჯერ ივარჯიშებენ, 8–ში მხოლოდ დილით, შაბათ საღამოს კი მორიგ საკონტროლო მატჩს გამართავენ. თუ რამე არ შეიცვალა, ამჟამინდელი მონაცემებით, ცხინვალელები ევროპა ლიგაზე ბოლო წლებში სტაბილურად მოასპარეზე მაკედონურ „რაბოტნიჩკის“ გაეჯიბრებიან.
6 თებერვალი 2013. სიდე (თურქეთი). საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
რადნიჩკი (კრაგუევაცი, სერბეთი) – სპარტაკი (ცხინვალი, საქართველო) – 1:0 (1:0)
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი, შონია (კაპ.), პარუნაშვილი, თექთურმანიძე, თუხარელი, ჩაფიძე, ეხვაია.
შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ქურდაძე, კ. ხიზანეიშვილი, მაისაშვილი, გაგნიძე, მეტრეველი, მაქაცარია, მოსაშვილი, ბურძენაძე, კემუხტაშვილი.







