საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა ასისტენტთა 5-კაციანი გუნდი დაასახელა. დღესვე, ასაკობრივი ნაკრებების ორ-ორი დამრიგებლის ვინაობაც გაამხილა და “მსოფლიო სპორტისთვის” ორშაბათისთვის დაპირებული როტერდამის გრან-პრის შემადგენლობაც ადრიანად ჩამოწერა.
ძირითადი ნაკრების მწვრთნელთა ჯგუფში გურამ მოდებაძე, ირაკლი უზნაძე, ივერი ჯიქურაული, თამაზ კარიაული და ნესტორ ხერგიანი მოხვდნენ. არ გამართლდა ჩვენი მოლოდინი გიორგი ვაზაგაშვილის ერთ-ერთ ასისტენტად დანიშვნის შესახებ, თუმცა სიდნეის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი უფუნქციოდაც არ დარჩენილა.
გიორგი ვაზაგაშვილი რამაზ ჩოჩიშვილის ადგილს დაიკავებს - ჭაბუკთა ნაკრებს ჩაუდგება სათავეში. დამხმარედ კი გიორგი რევაზიშვილი ეყოლება. ახალგაზრდული ნაკრების ახალი თავკაცის ვინაობა ადრიანადვე გახდა ცნობილი. ლიპარტელიანმა ძირითად ნაკრებში გადასვლისთანავე ახსენა გია გუგავა, დღეს კი იგი მწვრთნელად ოფიციალურად გამოაცხადა. გუგავას ასისტენტი ვაჟა ბალხამიშვილი იქნება.
“ჯერ კიდევ მწვრთნელად წარდგენისთანავე განვაცხადე, რომ ნაკრებში ჩემი კონსულტანტი თემურ ხუბულური იქნებოდა. ახლა ჩვენი 5 დამხმარე მწვრთნელის ვინაობაც დავაზუსტეთ და უკვე ამ ხუთეულზე ფუნქციებიც გადავანაწილეთ. პირველ-სამ წონით კატეგორიას – 60, 66 და 73 კილოგრამებს გურამ მოდებაძე ჩაიბარებს, 81 და 90 კილოგრამებს - ირაკლი უზნაძე, ხოლო 100 და +100 კილოგრამებს – ივერი ჯიქურაული. ტექნიკის განხრით თამაზ კარიაული იმუშავებს, ხოლო ფიზიკურ მომზადებას ნესტორ ხერგიანი მიხედავს. ასისტენტებისთვის წონების გადანაწილება გუნდის მომზადებას სასიკეთოდ უნდა წაადგეს. ყოველი ტურნირის შემდეგ, თითოეული წონითი კატეგორიის გამოსვლას დეტალურად გავაანალიზებთ” – უთხრა მსოფლიო სპორტს” სოსო ლიპარტელიანმა.
ახალი გუნდი ერთობლივ მუშაობას უახლოესი დღეებიდანვე შეუდგება. როგორც შევიტყვეთ, უკვე თბილისშია წლების განმავლობაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ირაკლი უზნაძეც.
როტერდამის გრან-პრიზე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი 11 შეგირდს იახლებს. 60 კილოგრამში დავით ასუმბანი და ამირან პაპინაშვილი იჭიდავებენ. 66-ში – შალვა ქარდავა და უჩა ხუციშვილი, 73-ში – ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ლევან წიკლაური და იოსებ წელაური, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, 100-ში – დავით ლორიაშვილი და +100-ში – ადამ ოქრუაშვილი.
ჰოლანდიური გრან-პრი 15-17 ოქტომბერს გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე









