ფეხბურთი

21:00 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “ამ თამაშისთვის დიდი ხანია ვემზადებით”

ფეხბურთში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისის "დინამოსთან" შარშანდელი მარცხისთვის რევანშის ასაღებად მზადაა. საჩხერელთა მთავარ მწვრთნელს, პრესკონფერენციაზე დამსწრე ფეხბურთელები, დავით ოდიკაძე და ლევან ხმალაძეც დაეთანხმდნენ.

სოსო ფრუიძე: “ამ თამაშისთვის დიდი ხანია ვემზადებით. გასულ სეზონში ფინალში ვიყავით და დავმარცხდით. გუნდში ტრავმიანობა იყო. რამდენიმე ფეხბურთელმა დღეს პირველად ივარჯიშა. “ჩიხურა” ფინალისთვის მზადაა და მოედანზე ვინც გავა წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს”. 

-მომავალ მატჩში ვინ დაგაკლდებათ?

ფრუიძე: “ჭელიძემ და ჯიღაურმა დღეს პირველად ივარჯიშეს. იცით, რომ წინამძღვრიშვილმა ოპერაცია გაიკეთა, დეკანოიძე ტრავმირებულია, გრიგალაშვილს “დინამოსთან” თამაშის უფლება არ აქვს, ხოლო კვარაცხელია გამოგვაკლდა”. 

-როგორც ყოფილი დინამოელები, მომავალ თამაშს განსაკუთრებული მოტივაციით ხომ არ ხვდებით?

დავით ოდიკაძე: “პირველყოვლისა, “დინამოს” ჩემპიონობას მივულოცავ. ბიჭები ფინალისთვის ვემზადებით. დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვჯერა, რომ რევანშს ავიღებთ და თასს საჩხერეში წავიღებთ”.

ლევან ხმალაძე: “მილოცვას მეც შევუერთდები. რაც შეეხება თასის ფინალს, როგორც ყოფილ დინამოელებს სხვანაირი დატვირთვა გვაქვს, მაგრამ ეს არნიშნავს რომ მოედანზე რაიმეს ნაკლებად გავაკეთებთ. უფრო მეტი მოტივაცია გვექნება, რომ გუნდმა საქართველოს თასი პირველად მოიგოს”.

-    მოწინააღმდეგეს როგორ შეაფასებთ?

ფრუიძე: “დინამოში ბევრი ცვლილება მოხდა. ძალიან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მოვიდა ახალი მწვრთნელი, რომელსაც თავისი იდეები აქვს, თუმცა მათი დანერგვა უცებ ადვილი არ არის. ჟვანიასი მჯერა და მას დრო უნდა მიეცეს. მის ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო დრო დასჭირდებოდა. “დინამოსთან” ბრძოლა შეიძლება. ამ გუნდს მინუსები აქვს, რომელთა გამოყენებაცშეგვიძლია. ბოლოს ჩატარებულ ორ მატჩში მეტოქეს ჩვენი თამაში თავს მოვახვიეთ. თუ ამას კიდევ მოვახერხებთ, ხვალინდელ თამაშში წარმატებას მივაღწევთ”.

-    “დინამოს” მინუსებზე ისაუბრეთ და თქვენი პლიუსები რა არის?

ფრუიძე: “ჩვენი პლიუსი ისაა, რომ გუნდი შეკრულია. ერთმანეთის გვერდითმდგომი ფეხბურთელებით ვართ დაკოპლექტებული. როგორც იტყვიან ერთი გუნდი ვართ, სხვანაირად “ჩიხურა” წარმატებას ვერ მიაღწევდა. ცხადია მინუსებიც გვაქვს, რომელთა გამოყენებას “დინამო” შეეცდება”.

"დინამოსა" და "ჩიხურას" შორის საქართველოს თასის ფინალური მატჩი  21 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 2 ლარია. ფინალს პირდაპირი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გადასცემს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.23803