ფეხბურთი

7:03 | 17.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

სოლომონ კვერკველია “ლიონს” ავტოგოლით დაეხმარა

ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი თამაში წარუმატებელი გამოდგა ყაზანის “რუბინის” ქართველი მცველისთვის, სოლომონ კვერკველიასთვის – ლიონში გამართულ მატჩში, ახალგაზრდა უკანახაზელმა პასივში ავტოგოლი ჩაიწერა.

ჯგუფური ეტაპის წინ გამართული ფლეი ოფის მატჩი ყაზანელებმა კარგად დაიწყეს. მე-3 წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე თამაში ყველას დიადიუნმა დაასწრო, რომელმაც ერთი შეხებით აიღო ლორისის კარი. გაშვებული გოლის შემდეგ, უპირატესობა ხელთ “ლიონის” ფეხბურთელებმა იგდეს. მე-10 წუთზე, მეტოქის საჯარიმოსკენ დაძრული გომისი ბასტოსმა შენიშნა, “რუბინის” მცველებმა კი ვერა და შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ფორვარდმა ერთი შეხებით რიჟიკოვის კარში პირველი გოლი გაიტანა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, როდესაც გომისი ყაზანელთა საჯარიმოში ბურთით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ფრანგმა ფეხბურთელმა კარის გასწვრივ გადაცემის გაკეთება სცადა, მაგრამ ბურთი კვერკველიას მოარტყა, რის შემდეგაც, რიჟიკოვმა გოლი ახლო კუთხეში გაუშვა. ამ ეპიზოდში, ქართველი მცველის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგან იგი თავის საქმე აკეთებდა და მეტოქეს გადაცემის გაკეთებაში ხელს უშლიდა, მაგრამ ვარდნაში მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ, მისგან ასხლეტილი ბურთი რიჟიკოვის კარში აღმოჩნდა. 71-ე წუთზე, ბურთის კუთხურიდან მოწოდებისა და ბრიანის თავურის შემდეგ, რუსმა მეკარემ გოლი ახლო კუთხეში კიდევ ერთხელ გაუშვა და ასე დაფიქსირდა შეხვედრის საბოლოო ანგარიში.
საფრანგეთში გამართულ შეხვედრაში, სოლომონ კვერკველიამ სრულად ითამაშა. მან დაფარა 11.27 კილომეტრი და გააკეთა 49 გადაცემა, რომელთაგან 38 (78%) ზუსტი გამოდგა.
დღის ცენტრალური მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ინგლისის პრემიერლიგაში მე-4 ადგილზე გასული “არსენალი” იტალიაში იმავე პოციზიის დამკავებელ “უდინეზეს” მასპინძლობდა. გასული სეზონის შემდეგ, ორივე გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდა. როგორც “არსენალის”, ასევე “უდინეზეს” ლიდერებმა “ბარსელონას” მიაშურეს. ლონდონელებს ამჟამინდელი შემადგენლობიდანაც დიდი ძალა აკლდათ. ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო, ვენგერს დიაბის, უილშირის, ვან პერსისა და ნასრის სამსახურზე უარის თქმა მოუხდა. მიუხედავად ამისა, ლონდონელებმა მატჩის სტარტზევე გახსნეს ანგარიში. მე-4 წუთზე, შეტევის მარჯვენა ფლანგიდან რემსის ჩაწოდებას უოლკოტი გამოეხმაურა, რომელმაც მეკარისგან ახლო კუთხეში შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა. განმეორებითი შეხვედრის წინ, ფავორიტი კვლავ “არსენალია”, მაგრამ 1:0 ის შედეგი არაა, რომელიც ლონდონელებს “უდინეზესთან” მშვიდად თამაშის უფლებას მისცემს.
სოლომონ კვერკველიას მსგავსად, 90 წუთი ითამაშა კიდევ ერთმა ქართველმა მცველმა გიორგი ფოფხაძემ, რომლის “შტურმმაც” “ბატესთან” გასვლით მატჩში სასურველი შედეგი დააფიქსირა. მატჩის ფავორიტად “ბატე” იყო მიჩნეული და მე-12 წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე გასული ვებერის მიერ გოლის გატანა შეგვიძლია მოულოდნელობად მივიჩნიოთ. ბელორუსებმა ანგარიში მე-2 ნახევრის დასაწყისში გაათანაბრეს, როდესაც სიმიჩმა თავით ზუსტად დაარტყა, მაგრამ გონჩარენკოს შეგირდებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს.
90 წუთში, გიორგი ფოფხაძემ გაირბინა 11.28 კილომეტრი და 38 მცდელობიდან 28-ჯერ (74%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
დღის მთავარი სენსაცია “კოპენჰაგენში” დაფიქსირდა, სადაც გასული გათამაშების 1/8-ფინალისტი, ამავე სახელწოდების გუნდი ჩეხეთის ჩემპიონთან, “ვიქტორია პლზენთან” შერცხვა. გასულ სეზონში, დანიური გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მწვრთნელშეცვლილი კოპენჰაგენელები ქვეყნის მიმდინარე გათამაშებასაც ლიდერობენ. აქედან გამომდინარე, როლანდ ნილსონის გუნდი წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ მე-2 ნახევარი 15 წუთის დაწყებული იყო, როდესაც სტუმრები უკვე 2:0-ს იგებდნენ. ანგარიში 52-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის თავდამსხმელთან ორთაბრძოლის დროს, ბურთი ტანზე ოტესენს მოხვდა, რომელმაც ავტოგოლი გაიტანა. შვიდ წუთში, საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტი დარტყმით პილარმა “კოპენჰაგენი” ძალზე რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომლიდანაც გამოსვლა დანიელებმა ვერ მოახერხეს. ათ წუთში, ოტესენმა ავტოგოლი ნაწილობრივ გამოისყიდა, აიღო რა ზუსტი თავურით სტუმართა კარი, მაგრამ კიდევ ათი წუთის გასვლის შემდეგ, ინდივიდუალურად ძალიან კარგად მოთამაშე ფილომ მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს ეფექტური გოლი გაიტანა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
განმეორებითი მატჩის წინ ფავორიტის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა ბენფიკამ, რომელმაც ჰოლანდიაში გამართულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა და მარცხსაც აარიდა თავი. “ტვენტესა” და პორტუგალიური კლუბის დაპირისპირებაში პირველი 2 გოლი საჯარიმოს გარედან დარტყმებით გავიდა, მაგრამ თუ ლუკ დე იონგს ანგარიშის გასახსნელად როგორც ზუსტი, ასევე ძლიერი დარტყმა დასჭირდა, კარდოსომ გასათანაბრებლად მხოლოდ სიზუსტე იკმარა. 21-ე წუთზე, დაახლოებით 30 მეტრიდან, დისტანციისთვის შეუფერებლად სუსტი, მაგრამ საკმარისად მოჭრილი და ზუსტი დარტყმით, “ბენფიკას” შემტევმა მიმდინარე გათამაშებაში თავისი ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე, სტუმართა ძალიან ეფექტური კომბინაცია “ბენფიკას” ახალწვეულმა ნოლიტომ ცარიელ კარში გოლის გატანით დაასრულა, ხოლო შეხვედრის მიწურულს, რუისის თავურმა ჰოლანდიელებს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის მცირედი შანსი შეუნარჩუნა.

კოპენჰაგენი-პლზენი 1:3 (0:0)
კოპენჰაგენი, “პარკენი” 19800
კოპენჰაგენი (4-4-2):
ვილანდი, თომსენი, ოტესენი, იორგენსენი, ბენგტსონი, ბოლანოსი, კრისტენსენი, გრინდჰაიმი, დიუფი (ნორდსრანდი 56), ნ’დოიე, კლაუდემირი (აბსალონსენი 65).
მწვრთნელი: როლანდ  ნილსონი.
პლზენი (4-1-4-1): ჩეხი, ლიმბერსკი, ბისტრონი, ჩიზოვსკი, რაიტორალი, ტრაპი, პეტრჟელა (ფილო 76), ჰორვათი, კოლარი, პილარი (ჰორა 90), დურისი (სევინსკი 89).
მწვრთნელი: პაველ ვრბა.
გოლები: 0:1 ოტესენი (52, ს.კ.), 0:2 პილარი (59), 1:2 ოტესენი (69), 1:3 ფილო (79).
გაფრთხილებები: ბოლანოსი 46, გრინდჰაიმი 84, ნ’დოიე 90, აბსალონსენი 90 – დურისი .65, პეტრჟელა 74, ტრაპი 83.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 18 (6)-16 (6), კუთხური: 10-2, თამაშგარე: 1-4, სეივი: 4-5, ჯარიმა: 14-20.

არსენალი-უდინეზე 1:0 (1:0)
ლონდონი, “ემირეითსი” 58159
არსენალი (4-2-3-1):
სჩეზნი, სანია, კოსილნი, ვერმაელენი, გიბსი (ჯორუ 46)/ჯენკინსონი 56), სონგი, როსიცკი (ფრიმპონგი 73), უოლკოტი, რემსი, გერვინიო, შამახი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
უდინეზე (4-1-4-1): ჰანდანოვიჩი, ეკსტრანდი, ბენატია, ლარანგეირა, ნეუტონი (პასკუალე 59), ბადუ, ისლა, ასამოა, პინცი (აბდი 88), არმერო, დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლი: 1:0 უოლკოტი (4).
გაფრთხილებები: უოლკოტი 11, გიბსი 45 – ეკსტრანდი 2, ნეუტონი 11, პინცი 71, არმერო 79.
მსაჯი: კევინ ბლუმი (ჰოლანდია).
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 11 (4)-15 (4), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 4-3, ჯარიმა: 20-13.

ბატე-შტურმი 1:1 (0:1)
ბორისოვი, “სიტი სთედიუმი” 18000
ბატე (4-2-3-1):
გუტორი, იურევიჩი, ფილიპენკო, სიმიჩი, ბორდაჩევი (ვოლოდკო 82), ბაგა, ოლეხოვიჩი, პატოცკი (გორდეიჩუკი 46), როდიონოვი (რუდიკი 69), ნეხაიჩიკი, კონცევოი.
მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო.
შტურმი (4-4-2): გრატცეი, შტანდფესტი, დუდიჩი, ბურგშტალერი, ფოფხაძე, ჰიოცლი (ერენრაიხი 88), ვებერი, საუმელი, ბუკვა, კიენასტი, სზაბიჩი (მურატოვიჩი 72).
მწვრთნელი: ფრანკო ფოდა.
გოლები: 0:1 ვებერი (12), 1:1 სიმიჩი (59).
გაფრთხილებები: როდიონოვი 14, რუდიკი 74 – საუმელი 52.
მსაჯი: სვეინ მოენი (ნორვეგია).
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 12 (2)-7 (1), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 0-1, ჯარიმა: 13-10.

ტვენტე-ბენფიკა 2:2 (1:2)
ენსხედე, “გროლს ვესტე” 20000
ტვენტე (4-3-3):
მიჰაილოვი, კორნელისე, დუგლასი, ვისგერჰოფი, ტიენდალი (ბუისე 75), ლანძაატი (იანკო 46), ბრამა, იანსენი, რუისი, დე იონგი, ბაირამი (იონი 58)
მწვრთნელი: კო ადრიანსე
ბენფიკა (4-2-3-1): არტური, მაქსი პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი, ხავი გარსია, ოსკარ კარდოსო (მატიჩი 87), ვიტსელი, გაიტანი (რუბენ ამორიმი 56), ნოლიტო, აიმარი (სავიოლა 64)
მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი
გოლები: 1:0 დე იონგი (6), 1:1 ოსკარ კარდოსო (21), 1:2 ნოლიტო (35), 2:2 რუისი (80)
გაფრთხილებები: არტური 80
მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი)
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 17 (9)-15 (6), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-7, ჯარიმა: 11-18.


ლიონი-რუბინი 3:1 (2:1)
ლიონი, “ჟერლანი” 35468
ლიონი (4-2-3-1):
ლორისი, რევეიერი, კონე, ლოვრენი, სისოკო (პიანიჩი 52), გონალონსი, კელსტრომი, ბრიანი (პიე 82), გომისი, ბასტოსი, ლოპესი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
რუბინი (5-2-2-1): რიჟიკოვი, კუზმანი, კვერკველია, ბოჩეტი, შარონოვი, კალეშინი, ნობოა, ნაჩო, კარადენიზი, კასაევი (ლებედენკო 69), დიადიუნი (მედვედევი 36).
მწვრთნელი: ყურბან ბერდიევი.
გოლები: 0:1 დიადიუნი (3), 1:1 გომისი (10), 2:1 კვერკველია (40, ს.კ.), 3:1 ბრიანი (71).
გაფრთხილებები: რევეიერი 80 – კუზმანი 27, ბოჩეტი 70.
მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია).
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 23 (12)-12 (3), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-10, ჯარიმა: 13-11.

მიშა ზაქარეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099142