დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და კომპანია “სოკარს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც “სოკარი” სეოკ-ის გენერალური პარტნიორი გახდა. მხარეებმა დოკუმენტს ხელი საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის სათავო ოფისში მოაწერეს. იქამდე კი დარბაზში შეკრებილ ვეტერან სპორტსმენებსა და ჟურნალისტებს სიტყვით სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის დირექტორმა მაირ მამედოვმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ მიმართეს.
ხაბელოვმა და თევზაძემ აღნიშნეს, რომ “კომპანია “სოკარი” ქართული სპორტის გვერდით აქამდეც აქტიურად იდგა და მის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადეს. მაირ მამედოვმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და ზოგადად ქართულ სპორტთან ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ ახლა სულ სხვა დონეს მიაღწია. გენერალური პარტნიორობა უდიდესი პატივია და მადლობა, რომ არჩევანი სწორედ ჩვენზე შეაჩერეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. დარბაზში ისეთ სახეებს ვხედავ, მეამაყება მათ გვერდით დგომა. თუნდაც მარტო რობერტ შავლაყაძეს ვახსენებ, რომელიც მძლეოსნობის ლეგენდაა და პირადად ჩემი კუმირი იყო. ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის და მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ძალ-ღონეს არ დავზოგავთ. 2015 წელს ბაქომ ევროპის ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს და დარწმუნებული ვარ, მასზე საქართველო უძლიერესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი”.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელმოწერით ლერი ხაბელოვმა და მაირ მამედოვმა დაამტკიცეს. ამ შეთანხმების ფარგლებში დაფინანსდება: სხვადასხვა სახის ოლიმპიური პროგრამები და პროექტები, მონაწილეობა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ჩასატარებელ სპორტულ ღონისძიებებში, სეოკ-ის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის სოციალური დახმარება, სეოკ-ის მიერ ორგანიზებული საგამომცემლო და საგანმანათლებლო საქმიანობა, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების პროგრამების განხორციელება, სპორტული მედიცინის ცენტრის ხელშეწყობა და ფუნქციონირება საქართველოში.







