ქართველ ჩოგბურთელ სოფო შაფათავას ამერიკულ პელჰამის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს. კვალიფიკაციაში მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ რაუნდში მასპინძელ კაროლინ დეილის 6:2, 7:5 სძლია, შემდეგ კი ჩინელი დი ჟაო 7:6 (7:3), 5:7, 6:1 დაამარცხა.
დასკვნით რაუნდში სოფოს მეტოქე მე-11 განთესვის მქონე კანადელი ეუჟენი ბუშარია, რომელმაც გზიდან ჩინელი ჯიაჰუან ჰე და უკრაინელი ოლგა იანჩუკი ჩამოიცილა.
იტალიურ პომეციაში 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში მასპინძელი ანდრეა-როქსანა ვაიდეანუ 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა სოფო ქვაცაბაიამ. ქართველი ჩოგბურთელის შემდეგი მოწინააღმდეგე იტალიელების – გრიმალსკასა და დი სარას შერკინებაში გაირკვევა.







