ძიუდო

0:19 | 30.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

სირცხვილის დღის ოქროს გვირგვინი

ძნელი გასახსენებელია, როდის ჰქონდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ისეთი მწირმოსავლიანი დღე, როგორიც გუშინ. მსოფლიოს თასზე, 7 წონითი კატეგორიიდან 3 უკვე ჩაჭიდავდა, ვარსკვლავებნაკლულ შეჯიბრზე, ტატამზე 12 ქართველი გავიდა და მათგან მედლის მოპოვება ერთადერთმა შეძლო. რომ არა 73 კილოგრამში მოჭიდავე ამბაკო ავალიანის წარმატება, სირცხვილი კიდევ უფრო თვალშისაცემი იქნებოდა.

ავალიანი ჩემპიონი გახდა და დღის მიმოხილვას სწორედ მის ბრწყინვალე ჭიდაობაზე საუბრით დავიწყებთ. ავალიანმა ჯამში 5 შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე თავისზე მაღალრეიტინგიან მოწინააღმდეგესთან და ხუთივეს დამაჯერებლად მოუგო. შეჯიბრი სომეხ რობერტ ვარდანიანთან შეხვედრით გახსნა. მეორე წრის საგზურის ბედი სომეხის მიერ წესის დარღვევამ გადაწყვიტა – ვარდანიანმა ქართველის ფეხიდან აყვანა სცადა, რის გამოც, ავტომატურად მოიხსნა. უკრაინელ დმიტრო ბაბიჩუკსა და ისრაელის სახელით მოჭიდავე იოზეფ პალელაშვილს, მომავალმა ჩემპიონმა წმინდა გდებებით მოუმთავრა საქმე. ნახევარფინალში კი ყველაზე სახელოვანი მეტოქის – 2009 წლის ევროპის ჩემპიონის, უკრაინელი ვოლოდიმირ სოროკას ჩამოსაცილებლად, მხოლოდ დამატებით დროში შესრულებული იუკო იკმარა.
ამბაკო ავალიანისა და ბელარუსი ალექსეი რამანჩუკის ფინალი დღის დამაგვირგვინებელი შეხვედრა იყო. ამ დროს უკვე ყველამ იცოდა, რომ საქართველოს ნაკრების წევრებმა დღე პირწმინდად ჩააგდეს. გულშემატკივრების ერთადერთი იმედი ავალიანსღა უკავშირდებოდა და მანაც ისეთი შეასრულა, ნახევრად შევსებულ ტრიბუნებს, ცოტა ხნით, ყველა წარუმატებლობა დაავიწყა – რამანჩუკი ტატამს ულამაზესი ბრუნით, 37-ე წამზე გააკრა და ჩემპიონის ტიტულთან ერთად, 100 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.
73 კილოგრამში, ზვიად ბაზანდარაშვილმა, თენგიზ პაპოშვილმა და ზურაბ ნოზაძემაც მოირგეს კიმონოები. საპრიზო სამეულს, ყველაზე მეტად, ბაზანდარაშვილი მიუახლოვდა – რეპეშაჟის ფინალში, სოროკასთან იპონზე წამოეგო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ზვიადმა მსოფლიოს თასი ორი წმინდა გამარჯვებით გახსნა – სომეხი არტემ ბაღდასარიანი და უკრაინელი კონსტანტინ ანაჩენკო დაჩაგრა, მეოთხედფინალში კი, ესტონელ კინტერ როტბერგთან ორჯერ დავარდა ვაზარზე და დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც სოროკასთან დაჭიდებამდე, ნოზაძე დაამარცხა. შეგახსენებთ, ბაზანდარაშვილი და ნოზაძე, ორიოდ თვის წინ, საქართველოს პირველობის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინაც ბაზანდარაშვილმა იმარჯვა. ნოზაძე რეპეშაჟში, რამანჩუკთან დამატებით დროში იპონით წაგების გამო გადავიდა. იქამდე კი, ფრანგ მოჰამედ რიადსა და აზერბაიჯანელ ნადირ ბაბაევს ულამაზესი წმინდა გდებებით გაუსწორდა. 
პაპოშვილი ტატამზე ერთადერთჯერ გავიდა. კენჭისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა, სადაც თურქ ომერ იამანს დაეჭიდა და უეჭველი იპონიც შეუსრულა, მაგრამ ვიდრე მთავარი მსაჯი შედეგს გამოაცხადებდა, სამსაჯო მაგიდასთან გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღეს. მსაჯს უხმეს და გამარჯვებულად იამანი დაასახელებინეს - აქაოდა, ქართველმა ილეთისას წესი დაარღვია, მეტოქე შარვლიდან აიყვანაო. ქართველი მწვრთნელები და გულშემატკივრები კარგახანს აპროტესტებდნენ აშკარად უსამართლო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ საქმიდან სასიკეთო აღარაფერი გამოვიდა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის, მსოფლიოს თასი საწყის ეტაპზევე დასრულდა.
60 კილოგრამში, ტრისტან ფეიქრიშვილი პირველსავე წრეში დამარცხდა რუს მურად აბდულაევთან. ბეთქილ შუკვანისთვის, დაუძლეველი ბარიერი მეოთხედფინალი აღმოჩნდა – ყაზახ იერკებულან კოსაიევთან 28 წამში დავარდა ბეჭებზე, არადა იქამდე, თურქი ოზკანოღლუ ისკანდერი სულაც 18 წამში დააიპონა. მერებაშვილსაც კოსაიევმა გადაუღობა ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა, მასაც იპონით, წუთნახევარში, ოღონდ ნახევარფინალში. ამ მარცხამდე, მერებაშვილმა სუფთად მოუგო აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლისა და სომეხ ჰოვანეს დავთიანს. ამ უკანასკნელმა, რეპეშაჟში შუკვანი და ასუმბანი დატოვა უმედლოდ. 
ასუმბანმა მეხუთე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს ფინალამდე, მან სამი შეხვედრა ჩაატარა. აზერბაიჯანელ ასიმ ხალაფოვს ვაზარით აჯობა, სომეხი გორ არუთინიანი შებოჭა, ნახევარფინალში კი აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან ერთ წუთში ორჯერ დავარდა ვაზარზე. მერებაშვილმაც მეხუთე საფეხურზე ჩაამთავრა მსოფლიოს თასი. გადამწყვეტი მარცხი ლატვიელი ანდრეის მაგერსისგან იწვნია.
66 კილოგრამში, ლევან ჩუბინიძე და არსენ მაჭარაშვილი საწყისი ეტაპიდან გამოეთიშნენ ტურნირს. ჩუბინიძემ კიმონო ერთადერთხელ მოირგო. მომავალ ფინალისტთან, უკრაინელ სერგეი დრებოტთან შეხვედრის მიწურულს, მაშინ, როდესაც იუკოთი იყო წინ, საჭიდაო წესი დაარღვია და დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე კი ჩამოიცილა, მაგრამ სომეხ არმენ ნაზარიანთან ვეღარას გახდა.
შალვა ქარდავა და გიორგი შოშიაშვილი საჩემპიონო ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ რუს მიხაილ პულიაევთან და ყაზახ სერგეი ლიმთან წაგებებით და რეპეშაჟის ნახევარფინალში ერთმანეთს დაეჭიდნენ. ბრინჯაოსთვის ბრძოლა ქარდავამ გააგრძელა მეტოქის ორი გაფრთხილების გამო მიღებული იუკოთი, მაგრამ რუს დენის ლავრენტიევთან აღარაფერი გამოუვიდა და სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ცნობისთვის, ამ შეხვედრაში, ქართველი ძიუდოისტი ვაზარით იგებდა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. პირველ წაგებებამდე, ქარდავამ ლატვიელი მაქსიმს მოროზოვსი და ბერძენი გეორგიოს აზოიდისი დაამარცხა, ხოლო შოშიაშვილმა – თურქი მეჰმეთ დურმაზი და უკრაინის სახელით მოჭიდავე გევორქ გევორქიანი.
30 იანვარს სპორტის სასახლის ტატამი 81, 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს ნაკრებს ოთხივე წონაში ოთხ-ოთხი წარმომადგენელი ეყოლება. წინასწარი შეხვედრები დილის 10 საათიდან დაიწყება, ფინალური ბრძოლები – 17 საათიდან.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
ძიუდო.  მსოფლიოს თასი
თბილისი. 29 იანვარი
 
60 კგ
1 ილგარ მუშკიევი (აზერბაიჯანი)
2 იერკებულან კოსაიევი (ყაზახეთი)
3 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)
3 ანდრეის მაგერსი (ლატვია)
 
66 კგ
1 სერგეი ლიმი (ყაზახეთი)
2 სერგეი დრებოტი (უკრაინა)
3 დენის ლავრენტიევი (რუსეთი)
3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
 
73 კგ
1 ამბაკო ავალიანი (საქართველო)
2 ალექსეი რამანჩუკი (ბელარუსი)
3 იოზეფ პალელაშვილი (ისრაელი)
3 ვოლოდიმირ სოროკა (უკრაინა)
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160993