ბოლნისის "სიონმა" "თამაზ სტეფანიაზე" 5:1 მოუგო პირველლიგელ "სასკოს". ამ ამხანაგური მატჩის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები სტადიონზე გუნდსა და გულშემატკივრებს შეხვდნენ. საუბრის შინაარსი ასეთი იყო: მიუხედავად ფინანსური გასაჭირისა, მუნიციპალიტეტი მხარში დაუდგება "სიონს" და ეცდება, რომ კლუბმა კარგად წარმოაჩინოს თავი მომდევნო სეზონში.
გიორგი კიკნაძის გაწვრთნილმა "სიონმა" პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. მე-14 წუთზე დავით სვანიძემ თავით გაიტანა, შემდეგ კოკა მიკუჩაძის ჯერი დადგა, რომელმაც 24-ე წუთზე არჩილ ტვილდიანის გარღვევის შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა და სხვაობა გაზარდა, ხოლო მე-40 წუთზე მიკუჩაძემ ინდივიდუალური გარღვევა დაასრულა გოლით.
მეორე ნახევარში, ორწუთიან მონაკვეთში ორმა ნიგერიელმა გაიტანა: ჯერ "სიონის" ფორვარდმა კრისტიან ობინამ შეაგდო, ხოლო შემდეგ "სასკოს" ნიგერიელმა ბობომ ულამაზესი გოლი მიითვალა - ცენტრიდან დაიწყო სოლო-რეიდი და 4:1 გახადა ანგარიში. მე-80 წუთზე მატჩის ბოლო გოლი გავიდა: ბოლნისელმა ჯაბა უგულავამ გამოიჩინა თავი. "მსოფლიო სპორტს" ინფორმაცია "სიონის" პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა მიაწოდა.
"სიონის" შემადგენლობა: ბათიაშვილი, ტვილდიანი, სვანიძე, თოთაძე, დაჩი ფოფხაძე, განუგრავა, გოგობერიშვილი, იოსელიანი, ლობჯანიძე, მიკუჩაძე, ობინა.
შეცვლაზე შევიდნენ: ბობღიაშვილი, მამასახლისი, ცხადაია, უგულავა, ბიბილეიშვილი, პარუნაშვილი.
კიკნაძემ მეკარე მერლანი დაასვენა, ხოლო ტრავმის გამო გუნდს დააკლდნენ ქემოკლიძე, ახალაია, ჩივაძე და ჩხეტიანი. "სიონი" მომდევნო მატჩს 4 აგვისტოს ბოლნისში სტუ-სთან გამართავს.





