ჭიდაობა

18:51 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სიახლე ქართულ ჭიდაობაში – ვლადიმერ მესტვირიშვილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მრჩეველი ვლადიმერ მესტვირიშვილი იქნება. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, მაგრამ საკითხს საბოლოოდ დასამტკიცებლად 17 დეკემბერს, აღმასკომის სხდომაზე გაიტანს.

“ვლადიმერ მესტვირიშვილის დონის სპეციალისტი უცხოეთში არ უნდა იხარჯებოდეს. ჩვენ მას შევთავაზეთ თანამშრომლობა და უკვე მოვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ საკითხს წერტილი 17 დეკემბერს დაესმება. იქამდე მესტვირიშვილი ინდოეთში გაემგზავრება და მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტის იურიდიულ მხარეს მიხედავს. ჭიდაობის ფედერაცია კი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად, მისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად ვიზრუნებთ. ვლადიმერ მესტვირიშვილი ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების მრჩეველი იქნება” – უთხრა ლუკა კურტანიძემ “მსოფლიო სპორტს”.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისვე განცხადებით, მცირე ცვლილებები ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც იგეგმება და გადახალისებულ შემადგენლობასაც აღმასკომის სხდომაზე წარმოადგენს დასამტკიცებლად.

ვლადიმერ მესტვირიშვილი უკვე ათი წელია, ინდოეთში მუშაობს და საკმაოდ ძლიერი საჭიდაო სკოლის შექმნაც შეძლო. ამჟამად იქაურ ნაკრებებს უწევს კოორდინაციას. 2010 წელს იგი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს დამსახურებულ მწვრთნელად დაასახელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060876