ტომას რაველი დაიბადა: 1959 წლის 13 აგვისტოს, ქ. ვიმერბიში (შვედეთი).
პირველი კლუბი: “იოსტერი” (შვედეთი)
თამაშობდა: ”იოსტერი” (შვედეთი, 1978-88, 1999); “გიოტებორგში” (შვედეთი, 1989-97); “ტამპა ბეი მუტინიში” (აშშ, 1998)
შვედეთისა და აშშ-ის მთავარ ლიგებში 473 მატჩი ჩაატარა, შვედეთის ნაკრებში - 143
მიღწევები: შვედეთის ჩემპიონი (1980, 1981, 1991, 1992, 1994, 1995, 1996); შვედეთის საუკეთესო ფეხბურთელი (1981); შვედეთის თასის მფლობელი (1992). მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მონაწილე; მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი; ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.
ტომას რაველი შვედეთის სამხრეთით, ქალაქ ვიმერბიში დაიბადა. მისი მშობლები ემიგრანტები იყვნენ (დედა - ავსტრიიდან, მამა - იტალიიდან). დედისგან მას გერმანული სახელი, მამისგან კი იტალიური გვარი და სამხრეთული ტემპერამენტი ერგო. რაველის ტყუპისცალი ძმა, ანდრეასი ყავს, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. ანდრეასი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა და 1980-იან წლებში, შვედეთის ნაკრების წევრი გახლდათ.
რაველიმ პრაქტიკულად მთელი კარიერა შვედეთში გაატარა, ამიტომ მსოფლიოში სახელი ეროვნულ ნაკრებში თამაშით გაითქვა. სპორტული კარიერა “იოსტერში” დაიწყო, სადაც ფეხბურთის საფუძვლები შეისწავლა. მანამდე კი, ცოტა ხანი “ატვიდაბერგში” ვარჯიშობდა. 20 წლის ასაკში ეროვნული ნაკრების მეკარე გახდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1981 წელს კლუბმა შიდა ჩემპიონატში კვლავ გაიმარჯვა, რაველი კი შვედეთის საუკეთესო ფეხურთელად დასახელდა.
მშობლიურად ქცეულ “იოსტერში” გოლკიპერმა 29 წლამდე ითამაშა, შემდეგ კი 1 მილიონ 700 ათასი შვედური კრონის სანაცვლოდ “გიოტებორგში” გადავიდა და “ტოტენჰემში” წასული ნორვეგიელი ერიკ ტორსტვედტი ჩაანაცვლა.
“გიოტებორგის” შემადგენლობაში ტომასი შვედეთის ხუთგზის ჩემპიონი და ერთხელაც - თასის მფლობელი გახდა. უმაღლეს დივიზიონში მას 450 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც ეროვნული რეკორდია. ამის შემდეგ გოლკიპერმა სამშობლოს საზღვრები დატოვა და ერთი წლით “ტამპა ბეი მიუტინიში” (აშშ) წავიდა სათამაშოდ, შემდეგ კი ისევ “იოსტერში” დაბრუნდა, სადაც დაასრულა კიდეც სპორტული კარიერა.
რაველი შვედეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც რეკორდსმენია - 143 მატჩი. მისი საერთაშორისო დებიუტი 1981 წლის 18 თებერვალს შედგა, ბოლოს კი ლეგენდარულმა კიპერმა ეროვნული ფორმა 1997 წლის 11 ოქტომბერს მოირგო. პოპულარობის მწვერვალზე მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, რომელზეც შვედეთმა მესამე ადგილი დაიკავა. ნაკრებმა 7 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ, მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან დამარცხდა, ხოლო ტომას რაველი ყველას რუმინეთთან მეოთხედფინალური მატჩით დაამახსოვრდა, რომელიც შვედებმა მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოიგეს.
კარიერის დასრულების შემდეგ, ტომასი ცოტა ხანი “გიოტებორგში” მუშაობდა, შემდეგ კი ბავშვებს მეკარეობას ასწავლიდა (თავად 3 შვილი ყავს). გოლკიპერის თქმით, პროფესიულ ფეხბურთში მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ღირსეული წინადადება ჯერ არ მიუღია.
გარკვეული დროის განმავლობაში, რაველი სერიალებშიც მონაწილეობდა, იყო ტელეწამყვანი და კომენტატორი, მუშაობდა ანალიტიკოსად, ამჟამად კი ფერმერობითაა გატაცემული.
მოამზადა რუსკა ჭუმბურიძემ







