ფეხბურთი

23:19 | 22.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

,,შუქურა“ სახლში სერბით დაბრუნდა

როგორც იცით, სხვა მეტნაკლებად შეძლებული ჩვენი კლუბების მსგავსად, საშუასეზონო პერიოდში, ეროვნული ჩემპიონატის პირველლიგელმა ქობულეთის ,,შუქურამაც“ მოიწყო უცხოური შეკრება. ქობულეთელები 7 თებერვლიდან გუშინდლამდე  თურქეთში, კერძოდ,  ანთალიის მახლობლად, დაბა ბელეკში გადიოდნენ წვრთნას. რამდენად ნაყოფიერი იყო  ,,შუქურასთვის“ თურქული შეკრება, ამას ზღვისპირელთა მთავარი მწვრთნელის, ასლან ბალაძის ნაამბობიდან შეიტყობთ.
- ბ-ნო ასლან, როგორ შეაფასებდით თურქულ შეკრებას?
- დავიწყებ იმით, რომ ამგვარ ფუფუნებას ,,შუქურა“ აქამდე არ მოსწრებია. უცხოური შეკრება კი არა, იყო დრო, ადგილზეც ვერ ვახერხებდით ნორმალურ წვრთნას. მადლობა ღმერთს, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება და ეს, ჩვენი კლუბის პრეზიდენტის, რევაზ ჩელებაძის დიდი ძალისხმევით ხდება.
საუცხოო პირობები გვქონდა შექმნილი. კომფორტულ სასტუმრო „ადორაში“ ვცხოვრობდით, იქვე ვვარჯიშობდით, 2 კვირის განმავლობაში 7 ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ და ყველა რუსულ გუნდებთან. პირველად პერმის ,,ამკარის“ სათადარიგოებს ვეთამაშეთ და 1:2 წავაგეთ. ჩვენგან გოლი ლევან მახარაძემ გაიტანა. ასტრახანის ,,გაზპრომი“ შერეული შემადგენლობით დაგვიხვდა და 0:2 წავაგეთ. 16 თებერვალს დილა-საღამოს, 2-ჯერ ვეთამაშეთ ყაზანის ,,რუბინის“ დუბლიორებს და ორჯერვე 1:1. ყაზანელებს შერმადინ ართმელაძემ და ლუკა ბლაგოევიჩმა გაუტანეს. ამის შემდეგ,  სარანსკის ,,მორდოვიასთან“ 0:1 წავაგეთ. ბოლო ორი ტესტ-მატჩი კი ,,კრასნოდარის“ შერეული შემადგენლობის წინააღმდეგ გავმართეთ. პირველი 1:0 მოვიგეთ გიორგი დევაძის გოლით, მეორე კი ფრედ, 1:1 დავასრულეთ, გოლი დავით გაბელიამ შეაგდო.
ძალიან კმაყოფილი ვარ შეკრებით. სრულიად გამოუცდელმა ბიჭებმა ბევრი რამ დაინახეს, კარგი პრაქტიკა მიიღეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან თითქმის ყველა გუნდი ალმაცერად გვიყურებდა, ,,შუქურა“ ვინღააო, მაგრამ მერე ბევრი აქეთ გვთხოვდა გაჯიბრებას.
- ლუკა ბლაგოევიჩი ახსენეთ...
- კი, სერბი ნახევარმცველია. რევაზ ჩელებაძის ახლო მეგობარმა მოიყვანა ჩვენთან. ლუკა ჯერ 21 წლისაა, თამაშობდა სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში. გასულ სეზონში სერბული პირველი ლიგის მეექვსეადგილოსან ,,ბეჟანიაში“ ბურთაობდა. მანამდე, ყირგიზეთის ჩემპიონ კოჩკორ-ატას “ნეფთჩიში“  იყო.
- და ამ სერბს ,,შუქურაში“ იტოვებთ?
- წინასწარი შეთანხმებით, ბლაგოევიჩი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება, მერე კი ვნახოთ. ლუკა ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა.
- ამ დროს ანთალიაში, მენეჯერები თუ სკაუტები მრავლობენ, თქვენ ფეხბურთელებსაც ხომ არ დაადგეს თვალი?
- ვადასტურებ, ჩვენ თამაშებზეც დადიოდნენ, გვაკვირდებოდნენ. ჯერ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 15 წლის შერმადინ ართმელაძით და ჯანო ანანიძის ძმით, ლევანით, რომელიც 16 წლისაა, „რუბინი“ დაინტერესდა.
- ჩამოსვლისთანავე დაგიწყიათ ვარჯიში...
- კი, ღამით ჩამოვედით და შუადღისთვის გუნდი ვარჯიშზე დავიბარე. სამწუხაროდ, სრული შემადგენლობით ვერ ვართ, 9 მოთამაშე გვაკლია, ზოგი ტრავმიანია, ზოგი სიცხიანი. სხვათა შორის, მერაბ კოპალიანი ტრავმის გამო თურქეთში დაგვიანებით შემოგვიერთდა, დაშავებულები იყვნენ გიორგი ჩელებაძე და ლევან ელიზბარაშვილი. ვიმედოვნებთ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება. წვრთნას ქობულეთში გავაგრძელებთ.
- სულ მალე, საჩხერის „ჩიხურასთან’ თასის გათამაშების მერვედფინალის მატჩები გექნებათ. საკუთარ შანსებს როგორ აფასებთ?
- შესაძლო საკადრო პრობლემების მიუხედავად, უბრძოლველად არაფერს დავთმობთ, სათასო თამაშებში ყველაფერი ხდება. ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, დასაკარგი არაფერი გვაქვს.
- ჩემპიონატში რა მიზანი გაქვთ?
- ჩვენს ჯგუფში ცხინვალის „სპარტაკი“ ისეა დაწინაურებული, მისი დაწევა ძნელი იქნება, თუმც გამორიცხული არაფერია, სამეულში კი აუცილებლად უნდა მოვხვდეთ.
- ვიცით, რომ სამომავლოდ დიდი მიზნები გაქვთ...
- ადრეც მითქვამს, ჩვენ ახლა მომავლის გუნდს ვაშენებთ. ცხადია, უმაღლეს ლიგაზე ვფიქრობთ. გვინდა, რომ იქ, მეტწილად, ადგილობრივი კადრებით მოვხვდეთ. ჩვენი ბიჭების დიდი იმედი მაქვს.


იუზა კაციტაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128269