ინტერვიუები

12:44 | 13.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

შტეფან ეფენბერგი: “მომავალ ზაფხულს რიბერი წავა”

გერმანული Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი კაპიტანი, შტეფან ეფენბერგი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელების, ფრანკ რიბერის, მიროსლავ კლოზეს, ტომას მიულერის, ჰოლგერ ბადშტრუბერის და ტონი კროოსის შესახებ.
- რიბერი ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება, მაგრამ დღეს “ბაიერნი” მის გარეშეც საკმაოდ ძლიერია. არის იგი გუნდისთვის შეუცვლელი მოთამაშე?
- “მაინცთან”  და “ვოლფსბურგთან” გუნდმა მის გარეშეც მოახერხა კარგად თამაში. მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება. ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად რიბერი აუცილებელია. იგი გუნდს აძლიერებს.
- ასე იქნება მომდევნო სეზონშიც?
- ჩემი სურვილია ყველაფერი სამართლიანად მოხდეს. თუ რიბერის წასვლა მოუნდება, მიუნხენელებმა მას ამის უფლება უნდა მისცენ და სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღონ.
- თქვენი აზრით, დარჩება?
- თავის მხრივ, იგიც პატიოსნად უნდა მოიქცეს კლუბთან მიმართებაში და თუ წასვლა სურს, ხელმძღვანელობას ამის შესახებ უთხრას. წინათგრძნობა მკარნახობს, რომ ზაფხულში რიბერი “ბაიერნს” დატოვებს.
- მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შეუძლია ტონი კროოსს გაბრწყინება?
- რა თქმა უნდა. მაგრამ თუ მიუნხენელები ახალ ფეხბურთელებს შეიძენენ, მე მას ვურჩევ “ლევერკუზენში” კიდევ ერთი სეზონით დარჩენას. მისთვის სათამაშო დრო მნიშვნელოვანია. თუ იგი “ბაიერნში” დაბრუნდება და ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდება, ისეთივე იარლიყს მიაწებებენ, როგორც რენზინგს. ამ საკითხზე მას სერიოზულად მართებს დაფიქრება.
- მიუხედავად “ვოლფსბურგთან” იოლი გამარჯვებისა, ლუის ვან გაალს მაინც არ დაუფარავს თავისი უკმაყოფილება. ეს ფსიქოლოგიური ილეთია?
- რა თქმა უნდა. კლუბისთვის რთული კვირა იწყება და მას გუნდი მაღალ დონეზე მომზადებული უნდა ჰყავდეს. “ბაიერნი” კარგად ასპარეზობს, მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. ახლა ფეხბურთელები აკეთებენ იმას, რასაც მათგან მწვრთნელი მოითხოვს. “იუვენტუსთან” გამარჯვება კლუბისთვის გარდამტეხი მომენტი იყო.
- შეუძლია გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დაძლევა?
- “ბაიერნისთვის” ეს სავალდებულოა, მაგრამ “ფიორენტინას” არდაფასება არ შეიძლება. თუ ვან გაალმა გუნდი კარგად მოამზადა, მაშინ პრობლემები არ შეიქმნება.
- როდის შესძლებს “ბაიერნი” “ბარსელონას”, “რეალის” და “ჩელსის” დონეზე თამაშს?
- ამჟამად ეს გუნდები უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ერთ დღესაც “ბაიერნი” მოახერხებს მათ დამარცხებას.
- ხედავთ შვაინშტაიგერს ცენტრალურ ნახევარმცველად?
- მისი ამ პოზიციაზე დაყენება მართებული გადაწყვეტილება იყო. იგი ბურთს კარგად ფლობს, კითხულობს თამაშს. ახლა იგი რაღაცით ჰგავს ჰარგრივზს და ეფენბერგს. ჩემის აზრით, ლიოვმა იჩქარა, როდესაც შვაინშტაიგერს ადგილი მარჯვენა ფლანგზე მიუჩინა. ასევე მოიქცა იგი ფრინგსთან და კურანისთან დაკავშირებითაც.
- კლოზე სათადარიგოთა სკამზე ზის, მაგრამ ლიოვმა მას ნაკრებში მოხვედრის გარანტია მისცა...
- ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ვინმე მხოლოდ თავისი დამსახურების გამო თამაშობს. ფეხბურთელმა ყოველ კვირას უნდა დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. თუ მხოლოდ ცვლილებებზე შედიხარ, სათანადო რიტმში ვერ ითამაშებ. წავიკითხე, რომ კლოზე ფიქრობს მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 გოლის გატანაზე და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებაზე. უკეთესი იქნება, თუ იგი რეგულარულად თამაშზე დაიწყებს ზრუნვას. თუმცა, ვუსურვებ ამ რეკორდის გაუმჯობესებას. აი, შტეფან კისლინგს თითქმის ყოველ თამაშში გააქვს და იგი იმსახურებს ნაკრებში გარანტირებულ ადგილს.
- იმსახურებს ამას ტომას მიულერი?
- ერთმნიშვნელოვნად. იგი თამაშობს “ბაიერნში” და ძალზე ძლიერ ფეხბურთელებს უწევს კონკურენციას. გარდა ამისა, იგი ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. იგივეს თქმა შემიძლია ჰოლგერ ბადშტრუბერის შესახებაც. ამ ფეხბურთელის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუის ვან გაალი საკუთარი საქმის სპეციალისტია.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093332