მას შემდეგ, რაც როჯერ ფედერერმა აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალი დათმო ტომაშ ბერდიხთან, სადიდსლემო ტურნირების ზედიზედ 33 გათამაშების ერთი ტრადიცია შეწყდა – 2003 წლიდან მოყოლებული პირველად, ამ რანგის შეჯიბრების ნახევარფინალი ერთდროულად ფედერერისა და რაფა ნადალის გარეშე ჩაივლის. ბოლოჯერ ამ 2 დიდოსტატის გარეშე დიდი სლემის ნახევარფინალმა 2003-ში “როლან გაროსზე” ჩაიარა, როდესაც შვეიცარიელი მესამე წრეში დამარცხდა, ესპანელი კი, წლევანდელის მსგავსად, არ ასპარეზობდა.
ამასობაში აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი საუკეთესოთა კვარტეტში გავიდა. ბალკანელმა 3 სეტით არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 6:2, 7:6, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. “დელ პოტროსთან დაპირისპირებას იოლს ვერ ვუწოდებდი. გადამწყვეტი მეორე სეტი აღმოჩნდა, მთლიანობაში კი მაყურებელს კარგი ჩოგბურთი ვუჩვენეთ. მომავალ მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, ფერერი ნემიბისმიერი საფარის კორტზე მშვენივრად თამაშობს, ამიტომაც დავიდთან დაპირისპირებისას ნებისმიერ ბურთზე ბოლომდე ბრძოლა მომიწევს”, - ჯოკოვიჩი რთულ ნახევარფინალს ელის.
დავიდ ფერერს რაც შეეხება, მეოთხედფინალში მან “ნოლეს” თანამემამულეს, იანკო ტიპსარევიჩს 6:3, 6:7, 2:6, 6:3, 7:6 სძლია.
ნახევარფინალში ერთმანეთს ხვდებიან
ქალები
ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი, 1) – მარია შარაპოვა (რუსეთი, 3)
სერენა უილიამსი (აშშ, 4) – სარა ერანი (იტალია, 10)
მამაკაცები
ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი, 6) – ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი, 3)
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 2) – დავიდ ფერერი (ესპანეთი, 4)







