ინტერვიუები

10:04 | 17.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

შეროზია "კოლხეთში", ჭედია - "ბაიაში"

ბესიკ შეროზიამ ზუგდიდის “ბაიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და სათავეში პირველლიგელ ფოთის “კოლხეთს” ჩაუდგება, ხოლო ზუგდიდელებს ელგუჯა ქომეთიანი გაუძღვება, რომელსაც კონსულტანტობას, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას თანაშემწე, სოსო ჭედია გაუწევს.
“ბაიას დატოვების გადაწყვეტილება, ჩემპიონატის მე-2 ეტაპის დამთავრების შემდეგ მივიღე. ამბიციური მწვრთნელი ვარ და ნაჩვენები შედეგი დისკომფორტს მიქმნიდა. ამიტომ ჩავთვალე, რომ გარემოს შეცვლა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა პოტენციალის წარმოსაჩენად. 99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ სათავეში ფოთის “კოლხეთს” ჩავუდგები. უკვე შევხვდი მხარის გუბერნატორსა და ფოთის მერს. მინდა, “კოლხეთი” ისევ აღზევდეს უმაღლეს ლიგაში და თავი კარგად წარმოაჩინოს. “ბაიას” წარმატებას ვუსურვებ, ვინაიდან ამ გუნდის ჩამოყალიბებაში წვლილი მეც მიმიძღვის” – განუცხადა “მსოფლიო სპორტს” შეროზიამ.
- “კოლხეთს” ოფიციალურად როდის ჩაიბარებთ?
- 22 ან 23 დეკემბერს ფოთში ჩავალ, ვითარების ადგილზე გასაცნობად. 25 დეკემბერს გუნდი შეიკრიბება და ორდღიან სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შემდეგ, ფეხბურთელებს ახალ წლამდე დავითხოვთ და ვარჯიშს იანვრის დასაწყისში განვაახლებთ. ჩემი თანაშემწე ზაზა ინიაშვილი იქნება, რომელიც აქამდე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. აუცილებლად დავიმატებთ 4-5 ახალ ფეხბურთელს. არაა გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ზუგდიდიდანაც წამოვიყვანოთ. 
- ამ გადასახედიდან, სეზონის დასაწყისში “მგლებისა” და “ბაიას” გაერთიანება რამდენად მართებული იყო?
- იმ მომენტში სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან “მგლები” უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ხოლო “ბაიას” კარგი ინფრასტრუქტურა ჰქონდა. თუმცა, “მგლების” შემადგენლობიდან თითქმის ყველა ფეხბურთელი დაითხოვეს და უმეტესობა ნიჭიერი ახალგაზრდები დარჩნენ. “ბაიას” დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი მოუმატებს.
სოსო ჭედიამ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა, რომ “ბაიას” კონსულტანტობას აპირებს:
“ბაიადან” შემოთავაზება მაქვს, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გადამიწყვეტია, ვინაიდან, 17 დეკემბერს თემურ ქეცბაია ჩამოდის და მასთან უნდა მოვითათბირო. სურვილი მაქვს, ზუგდიდელებს დავეხმარო, მაგრამ, მხოლოდ მთავარი მწვრთნელის, ელგუჯა ქომეთიანის კონსულტანტი ვიქნები. ზუგდიდში ნამდვილად არ ვიცხოვრებ და ადგილზე არ ვიმუშავებ”.
- ქეცბაია თუ შეხვდა იმ ლეგიონერებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებად ითვლებიან?
- ამის თაობაზე უკეთ თავად ქეცბაია გიპასუხებთ. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ ის ყველა ლეგიონერს შეხვდება, ვინც საახალწლოდ საქართველოშია ჩამოსული. გარდა ამისა, იანვრის დასაწყისში თურქეთში გაემგზავრება, სადაც ბევრი ის უცხოური გუნდი გადის შეკრებას, რომლებშიც ქართველი ლეგიონერები თამაშობენ და თითოეულ მათგანს დაელაპარაკება.

ლაშა თაბაგარი
 

Loading...
0.160739