კალათბურთი

1:13 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და სანიკიძემ “სარაგოსას” მორიგი მატჩი მოაგებინეს

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა დიდი წვლილი დაიდეს.

არაგონელებმა სტუმრად “ბლუსენს მონბუს ობრადოიროს” 86:82 სძლიეს, საქართველოს ნაკრების წევრებმა კი ჯამში 27 ქულა ჩააგდეს. ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო, რომელმაც 26:24 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველმა ცენტრმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მეტოქეები მის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ დატოვა.

რაც შეეხება სანიკიძეს, იგი პირველ ტაიმში უფერულად გამოიყურებოდა, მეორეში კი შეუჩერებელი გახდა და 14 ქულას 2 მოხსნა და 2 პასი წაამატა. ვიქტორმა 24:51 წუთში 6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაჯარიმდა და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ამდენჯერვე დაირღვა.

სარაგოსელთა რიგებში საუკეთესო ისლანდიელი იონ არნორ სტეფანსონი იყო, რომელმაც ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოო ჯამში 28 ქულა მიითვალა.

არაგონელებს 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდათ და მე-8 ადგილზე იმყოფებიან. ქართველთა გუნდს მორიგი მატჩი 2 ნოემბერს შინ “მანრესას” წინააღმდეგ ელის.

ვთბ-ლიგაში პირველი მარცხი შეემთხვა გიორგი ცინცაძის “დონეცკს”. უკრაინულმა გუნდმა ტალინში “კალევთან” 80:86 წააგო. სტუმრებმა ბოლო მეოთხედში 35:22 კი იმარჯვეს, თუმცა, მანამდე დიდი სხვაობით აგებდნენ და საქმის გამოსწორება ვეღარ მოახერხეს.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 18:04 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ცინცაძემ სამქულიანი ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“დონეცკს” 2 მოგებით და 1 წაგებით ვთბ-ლიგის A ჯგუფში მე-3 პოზიცია უკავია, შემდეგი შეხვედრა კი 3 ნოემბერს ისევ სტუმრად პოლონურ “ტუროვთან” ელის.

ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი მოსამზადებელი მატჩი ჩაატარა “სან დიეგომ”, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი დუდა სანაძე იცავს. სან დიეგოელებმა “მონტერეი ბეის” 90:81 სძლიეს, სანაძემ კი 16 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დუდამ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105939