კალათბურთი

12:16 | 8.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა და სანიკიძემ მადრიდელებს სძლიეს

ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე იცავენ, ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. არაგონელებმა მადრიდულ “ფუენლაბრადას” 77:68 სძლიეს, ქართველ კალათბურთელთა ჯამურმა მონაგარმა კი 18 ქულა და 8 მოხსნა შეადგინა.

შერმადინი და სანიკიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ და მოედანზე თითქმის იდენტური დრო გაატარეს.

სანიკიძემ 28:58 წუთს ითამაშა და 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ვიქტორმა 4-ვე ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინმა მოედანზე 28:35 წუთი დაჰყო და გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 2 შეცდომა დაუშვა, 3-ჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

“სარაგოსამ” 4 მარცხის ფონზე მე-5 გამარჯვება იზეიმა და ესპანეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფება. ქართველთა კლუბს მომდევნო შეხვედრა 15 დეკემბერს სტუმრად “გრან კანარიასთან” ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11512