საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელიც ლიუბლიანის “ოლიმპიას” ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება, ესპანურ “ბარსელონასთან” მატჩშიც ჩინებულად გაისარჯა და საბოლოოდ, მასპინძელთა რიგებში მარგი ქმედების საუკეთესო მაჩვენებელი აღმოაჩნდა.
ევროლიგის ტოპ-16-ის მე-2 ტურის ეგიდით, სლოვენიურ “სტოჟიცე არენაში” გამართულმა შეხვედრამ სრული ანშლაგით ჩაიარა და დღის ყველაზე დრამატული დაპირისპირებაც გამოდგა. კატალონიური გრანდი საწყის წუთებზევე 17:4 დაწინაურდა და თითქოს საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ უნდა გასჭირვებოდა, თუმცა, “ოლიმპიამ” ტრადიციულად, ბოლომდე იბრძოლა და მხოლოდ უკანასკნელ წამებზეღა “გატყდა” – 67:68.
ის, რომ ლიუბლიანელებმა მრისხანე მეტოქეს ბოლომდე სდიეს, დიდწილად შერმადინის დამსახურებაცაა. გიორგი გუნდის სასტარტო ხუთეულში არ გამოჩენილა, თუმცა, ბოლო პერიოდში დამკვიდრებული სასიამოვნო ტრადიციის თანახმად, საკმაო ხანს – 23:21 წუთს ითამაშა.
ამ დროში ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა და კენი გრეგორის დარად 14 ქულას დასჯერდა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
შერმადინმა საკუთარ მონაგარს 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარებაც შემატა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი - 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველის შედეგიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რითაც იგი ორივე გუნდის შემადგენლობაში, მხოლოდ კატალონიელ ხუან კარლოს ნავაროს (24) ჩამორჩა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა, არცერთი ორქულიანი და საჯარიმო არ ააცილა და 26 წუთში, 27 ქულა დააგროვა.
უკვე ტრადიციულად, “ოლიმპიას” განაცხადში იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი, ვლადიმერ ბოისა, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ, ფორმაში ახლაღა დგება და ესოდენ მნიშვნელოვან მატჩებში სათამაშოდ მზად არ გახლავთ. შესაბამისად, სლოვენიელთა დამრიგებელ იურე ზდოვცს იგი მოედანზე ამჯერადაც არ შეუშვია.
აღნიშნული გამარჯვების წყალობით, “ბარსელონა” F ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა, თელ-ავივის “მაკაბისა” და “ოლიმპიას” თითო მოგება-წაგება აქვთ, რომის “ლოტომატიკა” კი - ორი მარცხით ბოლო ადგილზეა. 3 თებერვალს, ლიუბლიანელები ისრაელს ეწვევიან და “მაკაბისთან” პრინციპულ მატჩს ჩაატარებენ.









