კალათბურთი

2:09 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის და სანიკიძის “სარაგოსა” მომდევნო ეტაპზე მარცხითაც გავიდა

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ევროთასის მე-9 ტურში დასანანი მარცხი განიცადა. ქართველთა კლუბი რომში “ვირტუსს” ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებდა, თუმცა, ბოლო წუთები არადამაჯერებლად ჩაატარა და 81:83 წააგო.

ქართველი კალათბურთელები ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდნენ და სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტები ჰქონდათ. ყველას შერმადინმა (20) აჯობა, რომელმაც 23:36 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 7-დან 3 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

სანიკიძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17 გახლდათ. ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა და 10 ქულას 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა.

ქართველმა ფორვარდმა 1 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

“ვირტუსს” 21 ქულით ამერიკელმა ჯიმი ბარონმა ულიდერა. გამორჩეული გახლდათ ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიც, რომელმაც 32:02 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, ამასთან სტუმრებს 6 ფოლი “აჰკიდა”.

“სარაგოსას” 5 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა, თუმცა, D ჯგუფიდან გამსვლელი მე-3 ადგილი მაინც შეინარჩუნა, რაშიც “დექსია მონსი” დაეხმარა. ბელგიურ კლუბს გასული რვავე შეხვედრა წაგებული ჰქონდა, დღეს კი გერმანული “ტელეკომ ბონი” ოვერტაიმში 91:90 დაამარცხა და ეს უკანასკნელი 4 გამარჯვებით მე-4 პოზიციაზე დატოვა.

ქართველთა კლუბი ევროთასის პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 18 დეკემბერს შინ ფრანგულ “გრაველინთან” ჩაატარებს და მიუხედავად მომავალი თამაშის შედეგისა, შემდეგ ეტაპზე ასპარეზობა განაღდებული აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ “ბონს”, რომელსაც არაგონელები 1 მოგებით უსწრებენ, “სარაგოსა” ურთიერთშეხვედრებში სჯაბნის, ამდენად, ქულათა თანაფარდობის შემთხვევაში, ესპანური კლუბი მაინც სამშვიდობოს იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133632