კალათბურთი

14:08 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი უკვე სარაგოსაშია

ესპანურმა “სარაგოსამ” ახალი სეზონისთვის შემადგენლობის დაკომპლექტება ქართველი გიორგი შერმადინის და ავსტრალიელი კრის გულდინგის გადაბირებით დაასრულა. გუშინ ეს კალათბურთელები არაგონელთა დარბაზს ესტუმრნენ და მცირე პრეზენტაციაც მოეწყო.

“სარაგოსაში დაბრუნებით ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ისევ ძველი თანაგუნდელების მხარდამხარ ვითამაშებ. გუნდში კარგი შემადგენლობაა შეკრებილი და იმედი მაქვს, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მართალი გითხრათ, სარაგოსელთაგან კიდევ ერთ მიპატიჟებას არ ველოდი და როდესაც მათ თანხმობა განვუცხადე, თავი ჩინებულად ვიგრძენი.

ვიცი, რომ გულშემატკივრებსაც ძალიან გაუხარდათ. ისინი სოციალურ ქსელებში თბილ სიტყვებს არ იშურებენ, რისთვისაც მადლობას კიდევ ერთხელ ვეუბნები.

მცირე ტრავმა მქონდა, თუმცა, მზადება საქართველოშივე დავიწყე და იმედია, ერთ-ორ კვირაში უკვე სრულად დავიტვირთები”, - განაცხადა შერმადინმა, რომელიც ახალ სეზონში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ორიოდ სიტყვით გულდინგის შესახებაც. 25 წლის ავსტრალიელი ტასმანიაზე დაბადებული და პროფესიული კარიერა 2006 წელს დაიწყო. მას შემდეგ, კრისი “მწვანე კონტინენტს” არ გასცილებია, ამდენად, “სარაგოსა” პირველი ევროპული კლუბი იქნება.

გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გულდინგი ავსტრალიელთა ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა, ტრავმის გამო მხოლოდ ორ მატჩში ითამაშა და საშუალოდ 20.0 წუთში 12.5 ქულას და 4.5 მოხსნას აგროვებდა.

ცნობისთვის, “სარაგოსას” უახლოესი საკონტროლო მატჩი 19 სექტემბერს “მურსიასთან” ელის, 21-ში “ვალენსიას” ეთამაშება, 25-ში – რუსულ “ხიმკის”, ხოლო 1 ოქტომბერს – მადრიდის “რეალს”.

უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს 5 ოქტომბერს აიღებს და არაგონელები “ხუვენტუტს” დაუხვდებიან     . ისიც ვთქვათ, რომ 14 ოქტომბრიდან შერმადინის კლუბი ევროთასის გათამაშებაში ჩაებმება, რომლის წილისყრაც სექტემბერის მიწურულს ჩატარდება. 

შერმადინის და გულდინგის წარდგენის ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=MDjibZyeO5c

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123942