კალათბურთი

18:02 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი საუკეთესოა, “სარაგოსამ” იოლად იმარჯვა

გიორგი შერმადინის და ვიქტორ სანიკიძის “სარაგოსამ” ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რაშიც ქართველმა კალათბურთელებმა ტრადიციულად დიდი წვლილი დაიდეს.

არაგონელებმა მშობლიურ “”პაბელონ პრინსიპე ფელიპეზე” 6358 მაყურებლის თვალწინ “მანრესა” მიიღეს და მეტოქე 89:52 გაანადგურეს. მასპინძელთა უპირატესობა იმდენად დიდი გახლდათ, რომ გუნდის დამრიგებელ ხოსე ლუის აბოსს, ლიდერები, მათ შორის ქართველებიც დიდად აღარ დაუტვირთავს.

შერმადინის და სანიკიძეც “სარაგოსას” სასტარტო ხუთეულში იყვნენ. გიორგიმ მოედანზე 19:46 წუთი გაატარა და 18 ქულით, 1 მოხსნით, 1 პასით, 1 ჩაჭრით და 1 დაფარებით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შერმადინს არცერთი შეცდომა არ დაუშვია, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 27 ქულით მეტი ჩააგდეს და შემთხვევით არ ყოფილა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტიც საუკეთესო ჰქონდა – 22.

14:13 წუთს ითამაშა სანიკიძემ, რომლის მონაგარიც 6 ქულა და 2 მოხსნა იყო. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და საჯარიმოებშიც ასეთივე მონაგარი ჰქონდა. ქართველმა ფორვარდმა სამქულიანი ააცილა, ერთხელ ბურთი დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

წარმატებული დღე ჰქონდა “კახასოლსაც”, რომლის რიგებშიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე ირიცხება. სევილიელებმა ევროლიგის მონაწილე “ლაბორალ კუტხას” მოულოდნელად იოლად – 82:62 სძლიეს. ქართველმა ფორვარდმა 05:30 წუთში 2 მოხსნის განხორციელება მოასწრო. “კახასოლი” 1 მოგებით და 3 მარცხით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111967