კალათბურთი

23:13 | 10.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი საუკეთესოა, სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა

“სარაგოსაში” მოთამაშე ქართველმა კალათბურთელებმა გუნდის წარმატებისთვის ამჯერადაც მაქსიმუმი გაიღეს, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში არაგონელები “ვალენსიასთან” ვერაფერს გახდნენ.

ქართველთა კლუბი გასვლით მატჩში მე-3 მეოთხედის შუაწელამდე ყოჩაღად გამოიყურებოდა, მაგრამ შემდეგ 0:15 გაქცევა “გამოეპარა” და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – 76:96.

შერმადინი და სანიკიძეც სტუმართა სასტარტო ხუთეულში იყვნენ. გიორგიმ მოედანზე 21:29 წუთი დაჰყო და 17 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით “სარაგოსას” რიგებში საუკეთესო იყო.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ცენტრს არცერთი ტყორცნა არ გაუცუდებია. შერმადინმა 5-ვე ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო და ალბათ, უკეთესი მონაგარიც ექნებოდა, 5 პერსონალური ფოლის გამო, მოედანი ნაადრევად რომ არ დაეტოვებინა.

ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა სანიკიძეს, რომელმაც სტუმართაგან ყველაზე მეტხანს – 28:11 წუთს ითამაშა. ვიქტორმა 3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, 9 ქულას კი 12 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ისიც ვთქვათ, რომ შერმადინმა და სანიკიძემ ბურთი სამ-სამჯერ დაკარგეს.

“ვალენსიას” გამარჯვება ძირითადად ამერიკელი ჯასტინ დოელმანის ჩინებულმა გარჯამ განაპირობა, რომელმაც 33:35 წუთში 32 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

“სარაგოსამ” 3 მარცხის წილ მე-2 მარცხი განიცადა და ჩემპიონატში მე-6 ადგილზე იმყოფება. არაგონელებს 1 გამარჯვებით ჩამორჩება ბექა ბურჯანაძის “კახასოლი”, რომელსაც წარმატებული დღე ჰქონდა. სევილიელებმა “ფუენლაბრადა” მიიღეს და 74:60 დაამარცხეს.

ბურჯანაძემ მადრიდელთა წინააღმდეგ 07:38 წუთს ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.

მომავალ ტურში, 17 ნოემბერს, “სარაგოსა” და “კახასოლი” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154918